„კაცი ხარ თუ ქალი, ის ვერ გაგიგია და შენ ვინ უნდა შეამოწმო?!“ - სპირიდონის ჰომოფობიური განცხადება ლომჯარიაზე

პუბლიკა

სხალთის მთავარეპისკოპოსმა, მეუფე სპირიდონმა (აბულაძემ) ქადაგებისას მორიგი დისკრიმინაციული, ჰომოფობიური და ტრასფობიური განცხადებები გააკეთა და ასევე, ამბიონიდან შეურაცხყოფა მიაყენა სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას.

მიტროპოლიტი მას შემდეგ გაღიზიანდა, რაც ომბუდსმენმა ჯავახეთის ნინოწმინდის წმინდა ნინოს ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონში მონიტორინგის ჩატარება მოითხოვა.

„შენ კაცი და ქალი ვერ გაგირჩევია ერთმანეთში. პი****სტი და ვაჟკაცი კაცი ვერ გაგირჩევია ერთმანეთისგან და ერთ სიბრტყეზე აყენებ ჰომოსექსუალებს, კაცი საჯარო რეესტრში გაატარე, რომელმაც ოპერაცია გაიკეთა და ქალი გახდა და ჩაუწერე შიგნით და შენ ითხოვ უნდა შეგამოწმოო? ვინ უნდა შეამოწმო შე ბრმა, შე ყრუ, როგორ გითხრა ახლა შენ რა, რომელიც ელემენტარულ რამეს, კაცს და ქალს ვერ ასხვავებ ერთმანეთისგან. ვინ უნდა შეამოწმო შენ, შენი თავის ვერ გაგიგია, კაცი ხარ თუ ქალი ხარ ის ვერ გაგიგია და შენ ვინ უნდა შეამოწმო?!“,- აცხადებს მეუფე სპირიდონი.

მიტროპოლიტი აღნიშნავს, რომ სახალხო დამცველს შემოწმება „საზღვარგარეთელმა მეგობრებმა“ დაავალეს. მისივე თქმით, „სასაცილოა“ რომ ნინოწმინდის ბავშვთა სახლს გაეროში უჩივლეს.

„სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს, გაეროში უჩივლეს ნინოწმინდის ბავშთა სახლს, რომელ გაეროში, რომლის გენერელურმა მდივანმა კონჩიტა გამოიყვანა, ამღერა და თქვა, ეს არის ჩვენი დემოკრატია, ამას უნდა მივბაძოთო. ტრანსგენდერ ქალს.. ლომჯარიას ჭკუაზე რომ ივლის ქართველი კაცი, ის დაიღუპება კაცო, ხო?!”.- ამბობს მეუფე სპირიდონი.

„პუბლიკა“ გმობს და ემიჯნება დისკრიმინაციულ, ჰომოფობიურ და ტრანსფობიურ გამონათქვამებს.


სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, 15 აპრილს მათ რწმუნებულებს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის საპატრიარქოს ა(ა)იპ ჯავახეთის ნინოწმინდის წმინდა ნინოს ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონში მონიტორინგის განხორციელების შესაძლებლობა არ მიეცათ.

ამის მიზეზად დაწესებულების წარმომადგენელმა სხალთის მთავარეპისკოპოსის მეუფე სპირიდონის მითითება დაასახელა.

როგორც სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი,  ამჟამად პანსიონში 57 არასრულწლოვანი ირიცხება, მათგან ყველაზე პატარა 5 წლისაა. დაწესებულებაში მონიტორინგის შესაძლებლობა არც სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს სოციალურ მუშაკს ეძლევა, რომელიც 2020 წლის ივნისის შემდეგ პანსიონში არ შესულა.