„სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ ნიკა მელიას“ | სააკაშვილის წერილი საპატიმროდან

პუბლიკა

საქართველოს მესამე პრეზიდენდი მიხეილ სააკაშილი საპატიმროდან მორიგ წერილს ავრცელებს. ის წერს, რომ მხარდაჭერას უცხადებს პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიას.

„სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ პარტიის თავმჯდომარეს, ნიკა მელიას და ყველა ჩვენს პირველ ტურში გამარჯვებულ კანდიდატს.

უმნიშვნელოვანესია ხმების გადათვლა, ვინაიდან ოცნება თითქმის ყველგან კარგავს უმრავლესობას ამიტომ მიუხედავად უთანასწორობისა, უნდა გამოვიყენოთ და ამოვწუროთ ყველა სამართლებრივი საშუალება. ასევე, უნდა მოვემზადოთ წინასაარჩევნო აქციებისთვის.

მე ყოველ წუთიერად ვგრძნობ სატუსაღოში თქვენს მხარდაჭერას, მიუხედავად იმისა, რომ ყველანაირად მიზღუდავენ გარე კონტაქტს და ამდენი ხანი სასამართლოც კი არ ჩანიშნეს. ელოდებიან, სანამ შიმშილობა ისე დამასუსტებს, რომ ვერ შევძლო სასამართლოზე მისვლა. ასეთი რამე, ყველაზე ჩამორჩენილ ბანანის რესპუბლიკებშიც კი არ მინახავს, “- ნათქვამია მიხეილ სააკაშილის წერილში.


1 ოქტომბერს საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, საქართველოში დააკავეს. დაიწყო გამოძიება მის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებითაც. სააკაშვილი შიმშილობას აცხადებს და თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს.

დანაშაულის დაფარვის ბრალდებით დაკავებულია იმ საცხოვრებელი ბინის მეპატრონე, ვის სახლშიც ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.