სტიქიის ზონიდან ვერტმფრენების საშუალებით 225 მოქალაქე გამოვიყვანეთ - საგანგებო

პუბლიკა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მეხანძრე-მაშველებმა რაჭაში, სტიქიის ზონიდან სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენების საშუალებით 225 მოქალაქე გამოიყვანეს.

„სამ ლოკაციაზე: ხიდეშლები-მაჟიეთი, ჯინჭვისი-გომი და ჟამიერეთის მონაკვეთებზე მოეწყო საბაგირო მაგისტრალები. საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენამდე, სპეციალური აღჭურვილობის საშუალებით, შესაძლებელი გახდა სოფლებში ჩარჩენილი მოსახლეობისთვის პირველადი მოხმარების საგნებისა და საკვები პროდუქტების მიწოდება“, – წერია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.


რაჭაში სტიქიამ ონის რაიონის 12 სოფელი დააზარალა. ძლიერმა წვიმამ და ადიდებულმა მდინარეებმა გარე სამყაროს მოსწყვიტა 2 000-მდე მოსახლე. დაზიანებულია ხიდები და გზები.

გუშინ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია სტიქიის ზონაში ჩავიდა. პრემიერ-მინისტრის შეფასებით, ზიანი ძალიან სერიოზულია.

„ყველა ამ სოფელთან [ღები, პატარა ღები, გლოლა და შოვი], დღეიდან დაიწყება ვერტმფრენებით კავშირი. ყველა ადამიანს, რომელსაც ექნება სოფლიდან გამოყვანის საჭიროება, ჩვენ, რა თქმა უნდა, გამოვიყვანთ. ორგანიზებულად მოხდება ამ სოფლების მომარაგება ყველა სახის საჭირო პროდუქტებით. ეს ოთხი სოფელი ერთი თვე იქნება მოწყვეტილი იმიტომ, რომ რეალურად, მაგისტრალურ გზაზე არის ძალიან სერიოზული ჩამონგრევები“, – განაცხადა გუშინ გახარიამ.