ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „ჭიღლაძე საქართველოს წინააღმდეგ“ დაადგინა, რომ საქართველომ დაარღვია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 – წამების აკრძალვის მუხლის პროცედურული ნაწილი, რადგან 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების დროს დაკავებული გელა ჭიღლაძის მიმართ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე გამოძიება არაეფექტიანად წარიმართა. გადაწყვეტილება სასამართლომ 2026 წლის 20 ოქტომბერს გამოიტანა.
გელა ჭიღლაძე 2019 წლის 21 ივნისს, თბილისში, ანტირუსული დემონსტრაციის დაშლის დროს დააკავეს. დაკავების ოქმის თანახმად, მას პოლიციელების მიმართ სიტყვიერ შეურაცხყოფასა და ქვების სროლას ედავებოდნენ. ამავე ოქმში აღნიშნული იყო ჭიღლაძის სხეულზე დაზიანებები, მათ შორის, ნაკაწრი, სისხლჩაქცევა და ორივე წვივზე არსებული ფუფხები.
ჭიღლაძის განცხადებით, აქციის ადგილზე დაახლოებით შუაღამისას შვილის მოსაძებნად მივიდა, შემდეგ კი დაშავებული დემონსტრანტების დასახმარებლად დარჩა. მისი მტკიცებით, იგი საცხოვრებელი კორპუსის ეზოში დააკავეს, პოლიციელებმა ხელკეტებით სცემეს, შემდეგ კი ეზოდან გაიყვანეს და პოლიციის ავტომობილში ჩასვეს.
ჭიღლაძის განცხადებით, დაკავების დროს პოლიციელებმა ხელკეტებით სცემეს. მოგვიანებით სამედიცინო დოკუმენტაციით მას გულმკერდის არეში სისხლჩაქცევები, მარჯვენა ბარძაყზე ჰემატომა და პოსტტრავმული სტრესული აშლილობა დაუდგინდა.
2019 წლის 21 ივნისს ეროვნულმა სასამართლომ ჭიღლაძე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებში: წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობასა და შეურაცხყოფაში დამნაშავედ ცნო და 1 500 ლარის ოდენობით ჯარიმა დააკისრა.
2019 წლის 6 აგვისტოს სააპელაციო სასამართლომ ზეპირი მოსმენა გამართა. სასამართლომ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების დასაბუთება ხარვეზიანი არ იყო და დაკავების განმახორციელებელი პოლიციელების ჩვენებები საქმის სხვა მტკიცებულებებს შეესაბამებოდა. შესაბამისად, მან გადაწყვეტილება ძალაში დატოვა, თუმცა ჯარიმა 1 000 ლარამდე შეამცირა. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ ჭიღლაძის მიერ პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობის შესახებ გაკეთებული განცხადება პროკურატურას გადაუგზავნა.
ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ გამოძიებას მნიშვნელოვანი ხარვეზები ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ დაკავებისას ჭიღლაძეს დაზიანებები აღენიშნებოდა, ხელისუფლებამ მათი წარმომავლობის გამოსაკვლევად საკუთარი ინიციატივით დაუყოვნებლივ არ იმოქმედა. საკითხის შესწავლა მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო, რაც სააპელაციო სასამართლომ ჭიღლაძის საჩივარი შესაბამის ორგანოებს გადაუგზავნა.
სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ გამოძიების დაგვიანების გამო ვერ მოხერხდა სათვალთვალო კამერების ჩანაწერების მოპოვება, ხოლო მოწმეები მომხდარიდან თითქმის ორი წლის შემდეგ დაკითხეს. ამასთან, გამოძიება ხანგრძლივი პერიოდებით უმოქმედოდ იყო და დღემდე არ დაუდგენია, რა ვითარებაში მიიღო ჭიღლაძემ დაზიანებები.
სასამართლომ, ამ გარემოებების გათვალისწინებით, დაასკვნა, რომ გამოძიების ხარვეზებმა შეამცირა მომხდარის დადგენის შესაძლებლობა და საქართველომ კონვენციის მე-3 მუხლის პროცედურული ნაწილი დაარღვია.
ამასთან, სტრასბურგის სასამართლომ არ დაადგინა იმავე მუხლის მატერიალური ნაწილის დარღვევა. სასამართლოს შეფასებით, არსებული მტკიცებულებები, მათ შორის, განმცხადებლის მიერ მოვლენების განსხვავებულად აღწერა, საკმარისი არ იყო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით იმის დასადგენად, რომ იგი მის მიერ აღწერილ ვითარებაში არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი გახდა. ეს დასკვნა არ ნიშნავს, რომ სასამართლომ დაადგინა პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობის არარსებობა – მან მხოლოდ მტკიცებულებების არასაკმარისობაზე მიუთითა.
სასამართლომ ასევე დაუშვებლად ცნო ჭიღლაძის საჩივარი კონვენციის მე-6 მუხლთან დაკავშირებით, რომელიც შიდა სასამართლოების გადაწყვეტილებების არასაკმარის დასაბუთებას ეხებოდა.
ევროპულმა სასამართლომ საქართველოს ჭიღლაძის სასარგებლოდ 1 800 ევროს გადახდა დააკისრა არამატერიალური ზიანისთვის და 2 000 ევროსი – სასამართლო ხარჯებისა და დანახარჯების ასანაზღაურებლად. საქართველოს ხელისუფლებამ თანხები სამი თვის ვადაში უნდა გადაიხადოს.