სტრასბურგმა წერტილი დაუსვა კამპანიას, თითქოს სააკაშვილი ყოველდღიურად კვდებოდა - კობახიძე

პუბლიკა

„ამ გადაწყვეტილებით სტრასბურგმა წერტილი დაუსვა წელიწადნახევრიან კამპანიას იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს, მიხეილ სააკაშვილი ყოველდღიურად კვდებოდა საპატიმრო დაწესებულებაში”, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ისაუბრა.

„ეს იყო აბსოლუტურად სიცრუეზე, სიყალბეზე აგებული კამპანია, რომელსაც სტრასბურგის გადაწყვეტილებით წერტილი დაესვა. ეს გადაწყვეტილება აბსოლუტურად პროგნოზირებადი იყო, იქიდან გამომდინარე, რომ ხელისუფლება მოქმედებს სტანდარტების შესაბამისად, ეს არის ადამიანის უფლებების და ჰუმანური მიდგომის სტანდარტები, რაც 2012 წლიდანაა დანერგილი ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა კობახიძემ.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, სააკაშვილს ვარშავაში გადაყვანაზე უარი ეთქვა და სახელმწიფოს არ დაავალა ქვეყნის შიგნით მისი სხვა სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა.


მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, დედა და მხარდამჭერები მიიჩნევენ, რომ დროებითი ღონისძიების გამოყენებაზე უარი არ არის გადამწყვეტი და მნიშვნელოვანია, რა გადაწყვეტილება იქნება სტრასბურგის სასამართლოში არსებითი განხილვის შემდეგ.