სუბარი სენატორების კრიტიკაზე: თუ შეამცირებენ მავნებლური პროექტების დაფინანსებას, უკეთესი იქნება

პუბლიკა

მოძრაობა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და უმრავლესობის დეპუტატი სოზარ სუბარი ამერიკელი სენატორების კრიტიკას გამოეხმაურა. მის კომენტარს საზოგადეობრივი მაუწყებელი ავრცელებს.

„არანაირი დაფინანსება არ ღირს იმად, რომ საქართველო ომში ჩაერთოს, თუ შეამცირებენ იმ მავნებლური პროექტების დაფინანსებას, რომლებიც საქართველოში რევოლუციების მოწყობას გულისხმობს, ეს მხოლოდ უკეთესი იქნება,”- ამბობს ის.

სუბარის განცხადებით, თუ მსგავსი პროექტები არ დაფინანსდება მაშინ 10%-იანი ან 11%-იანი ზრდა კი არ იქნება ქვეყანაში, არამედ 15% და 20%-იანი ზრდა.

„თუ ამერიკის დახმარების ეს ნაწილი შემცირდება, 80 მილიონზე მეტზეა სუბარი და თუ არ დაიწყებენ ამერიკელი ინსტრუქტორები ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების  დატრენინგებას, ოპოზიციის წარმომადგენლების, როგორ უნდა მოაწყონ რევოლუცია, მაშინ გაცილებით მაღალი იქნება ეკონომიკური ზრდა საქართველოში.

როცა საუბარია სტრატეგიულ პარტნიორობაზე, საქართველოს მართლა არ აქვს არავისგან დასამადლებელი. ჩვენ ვართ ძალიან ერთგული, სანდო და პრინციპული პარტნიორები და ეს გამოჩნდა ყველა საერთაშორისო მისიაში. ჩვენ არ ვართ ისე, რომ ხელი გვაქვს გაშვერილი მხოლოდ დახმარებისთვის. ჩვენი ძალიან დიდი როლი შეგვაქვს, როგორც სანდო პარნიორებს ნატო-ს და ევროკავშირის მისიებში, ყველგან, სადაც მათ ჩვენი დახმარება სჭირდებათ“,- ამბობს ის.

მოძრაობა „ხალხის ძალა“ მმართელი პარტიიდან წამოსულმა ოთხმა დეპუტატმა სოზარ სუბარმა, დიმიტრი ხუნდაძემ, მიხეილ ყაველაშვილმა და გურამ მაჭარაშვილმა დააფუძნეს. მოგვიანებით მოძრაობა გაფართოვდა და რამდენიმე დეპუტატიც შეუერთდა. მოძრაობა გამოირჩევა ანტიდასავლული და ანტიამერიკული განცხადებებით.