სუბიექტური აზრია – ალბათ, დაგვჭირდება საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება – კობახიძე

პუბლიკა

ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ ეპიდემიის გავრცელების პრევენციისთვის საჭირო იქნება საგანგებო მდგომარეობის გარკვეული პერიოდით გახანგრძლივება. თუმცა, მისი თქმით, გადაწყვეტილებას რამდენიმე დღეში მიიღებენ.

„გრძელდება კონსულტაციები თითოეულ იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც უკავშირდება ეპიდემიის გავრცელებას. ამ ყოველდღიურ რეჟიმში მიღებული ინფორმაციიდან მივიღებთ გადაწყვეტილებებს. 22 აპრილამდე არის გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს კიდევ ერთი კვირა იმისათვის, რომ მივიღოთ გადაწყვეტილება, თუმცა დღევანდელ სურათს თუ შევხედავთ, ჩემი სუბიექტური აზრია, რომ, ალბათ, დაგვჭირდება გარკვეული პერიოდის განმავლობაში საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება, იმისათვის რომ მაქსიმალურად ეფექტიანად მოვახერხოთ ეპიდემიის გავრცელების პრევენცია. თუმცა, ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღება რამდენიმე დღეში, როდესაც მივუახლოვდებით საგანგებო მდგომარეობის გაუქმების ვადას“, –განაცხადა კობახიძემ „რუსთავი 2-ის“ ეთერში.

შეკითხვაზე, თუ როდის წარმოადგენს მთავრობა დასრულებული სახით ანტიკრიზისულ გეგმას, კობახიძე პასუხობს, რომ მთავრობამ გარკვეული ნაბიჯები უკვე გადადგა, რესურსების მობილიზების თვალსაზრისით. – შიდა რესურსებით მობილიზდება 2 მილიარდი ლარი. ასევე, სპეციალური ფონდია შექმნილი, სადაც უკვე ჩარიცხულია მილიონობით ლარი. გარდა ამისა, კობახიძე აცხადებს, რომ ინტენსიურად წარიმართება მუშაობა საერთაშორისო პარტნიორებთან, რესურსების მობილიზებისთვის, კრედიტების თუ გრანტების სახით.

„მეორე ნაწილია, თუ როგორ უნდა დაიხარჯოს ეს რესურსები მაქსიმალურად ეფექტიანად. ჩვენ არ გავქვს იმის ფუფუნება, რომ გადავდგათ არაპრაგმატული ნაბიჯები. თითოეულ თეთრს უნდა გავუფრთხილდეთ. ამიტომ ჩვენ უნდა დაველოდოთ დაზუსტებულ ინფომრაციას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორია ეკონომიკური ვითარება და რა სოციალური ეფექტი ჰქონდა ეპიდემიის გავრცელებას. როგორც კი გექნება ეს სურათი, მიახლოებული მაინც, ამის შემდეგ უკვე შეიძლება ზუსტი გეგმის წარდგენა.

ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ ერთ-ერთი ინფორმაციის წყარო არის შემოსავლების სამსახურის ბაზა, რომელიც ახლდება ყოველი თვის 15 რიცხვში, ანუ 15 რიცხვიდან უკვე შეგვიძლია მეტ-ნაკლებად განვსაზღვროთ, თუ როგორი ეკონომიკური გავლენა ჰქონდა ვირუსის გავრცელებას მარტზე. ანუ 15 რიცხვის მონაცემები ჩვენ უკვე გვაძლევს პირველი გათვლების საშუალებას“, – აცხადებს კობახიძე.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებას იმ შემთხვევაში დაუჭერენ მხარს, თუკი მთავრობა წარმოადგენს ანტიკრიზისულ გეგმას. უფრო კონკრეტულად კი, გეგმა უნდა ასახავდეს, თუ როგორ აპირებს მთავრობა პანდემიის დასრულების შემდგომ დაძლიოს მოსალოდნელი ეკონომიკური კრიზისი, როგორ დაეხმარება უმუშევრად დარჩენილ მოქალაქეებს და რას აპირებს მცირე და საშუალო ბიზნესთან დაკავშირებით.

[irp posts=”26536″ name=”რა შემთხვევაში დაუჭერს ოპოზიცია მხარს საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებას”]