„არასდროს არ ყოფილა საუბარი, რომ ფასის დაზღვევას ვახდენდით. ჩვენ ვახდენდით საკურსო სხვაობის დაზღვევას ბიზნესისთვის იმ შემთხვევაში, თუ ისინი ფასს არ გაზრდიდნენ“, – განაცხადა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ბრიფინგზე და განმარტა, რომ აქ ორი მიზანი ჰქონდა მთავრობას, პირველი – შეექმნათ მოტივაცია იმისთვის, რომ დამატებითი მარაგი შემოსულიყო ქვეყანაში სავაჭრო შეზღუდვების პირობებში და მეორე მხრივ – არ გაზრდილიყო ფასები.
„მაგრამ ფასის დაფიქსირება ამ შემთხვევაში ვარანაირად ვერ იქნებოდა შესაძლებელი. ამას, უბრალოდ, ფიზიკურად მთელი ბიუჯეტი არ ეყოფოდა, მაგრამ ეს იქნებოდა შემარბილებელი ეფექტი, რამაც მოგვცა შეღავათი, – კალათა იმ პროდუქტების, სადაც ჩვენ გვქონდა ინტერვენცია, უფრო ნაკლებად გაძვირდა, ვიდრე დანარჩენი სასურსათო პროდუქცია. სამწუხაროა, რომ ამ თვეების ინფლაციის ჭრილში დიდი წვლილი ჰქონდა სასურსათო პროდუქტს. ამას ჰქონდა ლოგიკური ახსნა – იმიტომ, რომ სავაჭრო შეზღუდვები იყო და იმპორტულ პროდუქტებთან იყო დაკავშირებული. ასევე – სეზონური ფაქტორი. იცით, რომ ეს არის პერიოდი, როცა ადგილობრივი პროდუქციის მარაგი არ არის სხვა ჩამნაცვლებელი პროდუქტის ნაწილში და ახალი პროდუქტი ჯერ არ შემოსულა“, – განაცხადა მინისტრმა.
აპრილში სამინისტროს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ 9 ძირითადი სასურსათო პროდუქტის ფასის შენარჩუნებისთვის სუბსიდირების ხელშეკრულებები 20-მდე კომპანიასთან აქვთ გაფორმებული.
კერძოდ კი, ეს პროდუქტებია – ბრინჯი, ლობიო, მაკარონი, წიწიბურა, შაქარი, ხორბალი, ფქვილი, ზეთი და რძის ფხვნილი.