„სუფთა ჰაერისთვის“ | რუსთავში ჰაერის დაბინძურება და ეკოლოგიური მდგომარეობა გააპროტესტეს

ქალაქ რუსთავში, მერიის წინ აქცია „სუფთა ჰაერისთვის“ გაიმართა.

აქციის ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ ითხოვენ დაპირებულ კანონპროექტს, რომელიც შესაძლებელს გახდის ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას. ისინი ამბობენ, რომ არ სურთ, რუსთაველებმა 77%-ით დაბინძურებული ჰაერით ისუნთქონ.

„ჩვენ ვითხოვთ სუფთა, ჯანსაღ გარემოში ცხოვრებას. კონსტიტუციის 29-ე მუხლში ყველამ ნახეთ, რა წერია. ჩვენ კონსტიტუციით გვაქვს უფლება, ვიცხოვროთ ჯანსაღ გარემოში და ამის უფლებას არ გვაძლევენ მეწარმეები. მათ ფინანსურად აქვთ ძალიან დიდი შესაძლებლობა, რომ 6 თვეში აბსოლუტურად გამოასწორონ თავიანთი წარმოება, დაასაქმონ მეტი ადამიანი, მეტი ფული შევიდეს ბიუჯეტში და არ მოგვწამლონ რუსთავში მცხოვრები 140 ათასი ადამიანი“, – განაცხადა აქციაზე გამომსვლელმა ერთ-ერთმა აქტივისტმა.

აქციაზე ითქვა, რომ ქალაქში არსებული ქარხნები აბინძურებს რუსთავს და მოსაზღვრე სოფლებს გარდაბნის მუნიციპალიტეტში. „მოსაზღვრე სოფლებში იმდენადაა ჰაერი დაბინძურებული და იმდენად გახშირდა ონკოლოგიური დაავადებები, რომ ადგილობრივებმა დაარქვეს ახალი სახელი – მეორე ჩერნობილი – ამ ადგილს“, – განაცხადა „სალამის“ წევრმა.

რუსთაველი აქტივისტი დათა ცინცაძე აცხადებს, რომ „გავიგუდეს“ გუნდი მუშაობს საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლების კუთხით.

„ჩვენ გვაქვს უფლება, ვიღებდეთ ინფორმაციას იმის შესახებ, რა მდგომარეობაა ჰაერში და ამისთვის თქვენ შეგიძლიათ, შეამოწმოთ air.gov.ge. რუსთავის მონაცემი არ არის სრულყოფილი. შეიძლება ითქვას, ახლოსაც კი არ დგას სრულფასოვნებასთან იმიტომ, რომ ეს ჯიხური [რომელიც ჰაერის ხარისხს ზომავს] არის ერთი ცალი, რომელიც დგას გამწვანებულ ზოლში.

დამღუპველია ამ მონაცემების ჰაერით ცხოვრება. მტვრის მყარი ნაწილაკები, რომელსაც ვსუნთქავთ, წარმოიქმნება სხვადასხვა ქიმიური ნაერთისგან, რომელსაც წარმოქმნიან ქარხნები. კონკრეტულად არ ვიცით, რას შეიცავს. ყველაზე საშიშია pm 2.5, რომელიც ჩვენთან ოქტომბერში იყო 70  მილიმეტრი მეტრ კუბში ანუ გამწვანებულ ზოლში მდგარი ჯიხური გვაჩვენებს, რომ არის 10-ჯერ მეტი დაბინძურება. ჩვენ ჩვენი სენსორით გავზომეთ სხვა ქუჩაზე და ამ ქუჩაზე არის ბევრად მეტი დაბინძურება. ეს რეალობა არ გვაძლევს მშვიდად ყოფნის საშუალებას“, – განმარტა ცინცაძემ.

აქციაზე სიტყვით გამოვიდა რუსთავის მეტალურგიული ქარხნის თანამშრომელი გიორგი ტყემალაძე, რომელმაც განაცხადა, რომ საჭიროა რეგულაციები.

„ვიდგებით ბოლომდე და გავიტანთ იმას, რაც კარგია ჩვენთვის. რეგულაციები საჭიროა, რადგან მეწარმეები და დამსაქმებლები კეთილი ნებით არ აკეთებენ ამას, ამიტომ ვითხოვთ რეგულაციებს, გვინდა, რომ ყველაფერი ჩარჩოებში მოთავსდეს და იგრძნონ ის პასუხისმგებლობა, რა პასუხისმგებლობაც ზუსტად 29-ე მუხლითაა გარანტირებული“, – განაცხადა ტყემალაძემ.

რუსთავის მშრომელთა სოლიდარობის კავშირის წარმომადგენელი ბადრი ბოკუჩავა კი ამბობს, რომ ჰაერის დაბინძურების გარდა, ქარხნებში დასაქმებულებსაც ექმნებათ პრობლემები, რადგან გამოყოფილი ნივთიერებების ნაწილი გარეთ არ გამოდის და საწარმოში რჩება.

„აბა წარმოვიდგინოთ ერთი წამით, მტვერი, რასაც ვხედავთ, რომ არ გამოვიდეს გარეთ. ამ ყველაფერს დასაქმებული ადამიანები სუნთქავენ. ახლაც რომ არც ერთი გამონაბოლქვი არ გამოდის, იქ მშრომელები სუნთქავენ და იწამლებიან დღეს, ვინც ოჯახისთვის ლუკმა-პურს შოულობს“, – განაცხადა ბოკუჩავამ.

გარდა საკანონმდებლო რეგულაციებისა, აქციაზე გამომსვლელებმა სამოქალაქო აქტივიზმის აუცილებლობაზე ისაუბრეს. განაცხადეს, რომ ქალაქის გამწვანება და მანქანების ველოსიპედებით ჩანაცვლება ჰაერის მდგომარეობის გაუმჯობესებას ხელს შეუწყობს. ერთ-ერთ ადგილობრივს მწვანე მოძრაობა „მარადმწვანე რუსთავის“ დაფუძნების ინიციატივაც ჰქონდა. „მილებს დავუპირისპიროთ ნერგები“, – განაცხადა მან.

აქციაზე რუსთაველ აქტივისტებთან და ადგილობრივებთან ერთად შეკრებილები იყვნენ სხვადასხვა ორგანიზაციები, მათ შორის „სალამი“, „ახალგაზრდა მწვანეები“, დიღმის ჭალების აქტივისტები და სხვა.

  • DSC-5883-01
  • DSC-5872-01
  • DSC-5831-01
  • DSC-5849-01
  • ზვიადაური
  • DSC-5929-01
  • DSC-5901-01
  • DSC-5868-01
  • DSC-5923-01
  • DSC-5829-01
  • DSC-5845-01
  • DSC-5825-01
  • DSC-5830-01
  • DSC-5854-01
  • DSC-5863-01
  • DSC-5886-01
  • DSC-5909-01
  • 01 /