სურსათის საცალო ქსელები მუშაობას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ - მინისტრი

მინდია გაბაძე

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ ქვეყანაში კომენდანტის საათი არ შემოდის, არავის გადაადგილება არ იზღუდება, საცალო ქსელები გააგრძელებენ მუშაობას ჩვეულ რეჟიმში. ასე რომ, სურსათის შეძენა აბსოლუტურად არ იზღუდება.

„ის, რაც დღეს ხდება სასურსათო მაღაზიებში, ყოვლად მიუღებელია. ეს პრობლემას უქმნის თვითონ სუპერმარკეტის წარმომადგენლებს. დახლზე შეიძლება რამდენიმე პროდუქტი საათების განმავლობაში უბრალოდ არ იყოს, რასაც საფუძველი არა აქვს, რადგან მოწოდების და მარაგების კუთხით სრულად უზრუნველყოფილი ვართ. ეს შექმნის პრობლემებს უშუალოდ მოსახლეობისთვის, ასეთი ხალხმრავლობის პირობებში ჩვენ ვზრდით ეპიდემიოლოგიურად რისკებს. უბრალოდ მოგიწოდებთ, რომ სოლიდარული ვიყოთ და მშვიდ რეჟიმში გავაგრძელოთ სურსათის შეძენა ისე, როგორც ამას ვაკეთებდით წინა დღეებში“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მინისტრი აღნიშნავს, რომ ქვეყანაში სურსათის მომარაგების კუთხით შეფერხება არ იქნება. მარაგები საკმარისია, გახსნილია ლარსის საბაჟო პუნქტიც და სურსათი შემოდის ჩვეულ რეჟიმში.

„მოსახლეობისთვის მგრძნობიარე სურსათის სახეობებზე – 9 პროდუქტზე, შევიმუშავეთ ფასები დაზღვევის მექანიზმი. გვქონდა შეხვედრა ფაქტობრივად ყველა სექტორთან და იმ 9 პროდუქტთან ერთად, არ გაიზრდება პურის ფასიც. კიდევ ერთხელ, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ გარანტირებული იქნება სურსათის მიწოდება ქვეყანაში და პანიკის საფუძველი არ არსებობს“, – დავითაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. საგანგებო მდგომარეობის გაგრძლება ქვეყანაში 21 აპრილამდე იგეგმება.