სუს-ში „პუბლიკას“ განუცხადეს, რომ შესაბამისი დანაყოფები მუშაობენ ცრუ შეტყობინების ფაქტზე თბილისის სამ მოლში ბომბის მუქარის შესახებ.
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესაბამისი დანაყოფები მუშაობენ ცრუ შეტყობინების ფაქტზე“ — უთხრა „პუბლიკას“ სუს-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის წარმომადგენელმა და დამაზუსტებელ შეკითხვებს არ უპასუხა.
მოგვიანებით სუს-მა განცხადება გაავრცელა სოციალურ ქსელშიც:
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესაბამისი დანაყოფები მუშაობენ მორიგ ცრუ შეტყობინებაზე.
მოქალაქეთა უსაფრთხოება სამსახურის უმთავრესი პრიორიტეტია და საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში სამსახური ყველა საჭირო და გადაუდებელ ღონისძიებას ახორციელებს.
მოვუწოდებთ საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებს, პატივი სცენ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი სამსახურების საქმიანობას, გამოიჩინონ მეტი პასუხისმგებლობა და თავი შეიკავონ შესაბამის უწყებებთან შეუთანხმებელი განცხადებების გავრცელებისგან“, — წერია განცხადებაში.
მანამდე აშშ-ის საელჩომ საქართველოში გაავრცელა ინფორმაცია, რომ რომ შეიტყვეს თბილისის სამ სავაჭრო ცენტრში ბომბის მუქარის შესახებ სავაჭრო ცენტრი „ისთ ფოინთში“ (ალექსანდრე თვალჩერილიძის ქუჩა, სავაჭრო ცენტრ „გალერია თბილისში“ (შოთა რუსთაველის 2/4) და თბილისის სავაჭრო ზონაში (დავით აღმაშენებლის 16).
ბომბის საფრთხის მიუხედავად, არც ერთ სავაჭრო ცენტრში ევაკუაცია არ გამოცხადებულა.