თამაზ ელიზბარაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა გამოაცხადა. სხდომას ესწრებოდა თავად ელიზბარაშვილიც.
„გამოვიდა 7 ადამიანი…ერთ-ერთმა დამიყენა პრეტენზია, რომ თურმე მე მისთვის ადრე მიგინებია სოციალურ ქსელში და აუცილებლად დღესვე აქ მე მისთვის უნდა მომეხადა ბოდიში, რაზეც უარი განვუცხადე იმიტომ, რომ ვუთხარი, მე შენ არ გიცნობ, რატომ უნდა მეგინებინა. თუ რაღაცა იყო, მანახე-მეთქი სად და მაგის მიხედვით ვნახავ.
ჩვენ ტელეიმედის თანამშრომლები ვართ, საერთოდ არ მოგვწონს თქვენი პოზიცია, ხშირად გვაგინებო და ბოდიში უნდა მოიხადოო…ერთ-ერთი ბიჭი, რომელიც ძალიან აგრესიული იყო, მაგინებდა, მაფურთხებდა, ამას გიზამ, იმას გიზამ” – თქვა სასამართლო სხდომაზე თამაზ ელიზბარაშვილმა.
ელიზბარაშვილის თქმით, ერთ-ერთმა, რომელიც აგრესიით გამოირჩეოდა ხელი მოუქნია, თუმცა არ მოხვედრია, შემდეგ დაცვის თანამშრომლებმა გარიდების მიზნით, აღნიშნული პირი კუპეში შეიყვანეს. ელიზბარაშვილის თქმით, ინციდენტს შეესწრო მისი მეუღლეც, რომელიც ქვემოთ ჩამოდიოდა. ისინი უკვე აპირებდნენ რესტორნის დატოვებას. როგორც ელიზბარაშვილი იხსენებს მან მასთან დაპირისპირებულ პირებს უთხრა, რომ ცოლის გარეშე დაბრუნდებოდა და მერე გაეგრძელებინათ კამათი, თუმცა უკან დაბრუნებისას ისინი რესტორანში აღარ დახვდნენ.
დაცვის მხარე ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა და სასამართლოს გირაოს სთავაზობდა.
თამაზ ელიზბარაშვილი პირველ სექტემბერს, ადმინისტრაციული წესით, პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მუხლით, დააკავეს.
დღეს მედიასთან პროკურატურის მიერ გავრცელებულ ვიდეოკადრებზე ისაუბრა თამაზ ელიზბარაშვილის ადვოკატმა ლექსო სვიმონიშვილმაც. მისი თქმით, პროკურატურა რომ დარწმუნებული იყოს იმაში, რომ ელიზბარაშვილს თან ჰქონდა იარაღი, ბრალს იარაღის უკანონო ტარების გამო წარუდგენდნენ.