თავდაცვიდან გაათავისუფლეს კაცი, რომელიც თანამშრომელ ქალს სექსუალურად ავიწროებდა - „საფარი“

პუბლიკა

თავდაცვის სამინისტროდან გაათავისუფლეს კაცი, რომელიც მის დაქვემდებარებაში მომუშავე ქალს სექსუალურად ავიწროებდა. ამის შესახებ ინფორმაციას კავშირი „საფარი“ ავრცელებს. ორგანიზაცია იცავდა ქალის ინტერესებს.

საუბარია მაღალი თანამდებობის პირზე, რომელიც თანამშრომელი ქალების ცნობით, მათ დისკრიმინაციულად ექცეოდა, შეურაცხმყოფელად მიმართავდა, სამუშაო სივრცეში შეუფერებელ, საფრთხის შემცველ და ღირსების შემლახველ გარემოს უქმნიდა.

როგორც „საფარში“ ამბობენ, არსებობს ერთ-ერთი თანამშრომელი ქალის სექსუალური შევიწროების დამადასტურებელი არაერთი მტკიცებულება. ამ ქალის მიმართ გენდერული ნიშნით დისკრიმინაცია გამოიკვეთა კიდევ 2 მაღალჩინოსნის მხრიდანაც.

„საფარმა“ თავდაცვის სამინისტროს გენერალურ ინსპექციას 25 აგვისტოს მიმართა და რეაგირება მოსთხოვა. მომხდარის შესახებ ორგანიზაციამ  ინფორმაცია მიაწოდა სახალხო დამცველსაც.

„საქმის გაჭიანურების შემდეგ, 9 სექტემბერს, ჩვენ გავმართეთ პრესკონფერენცია, სადაც საქმის დეტალებზე ვისაუბრეთ.

გახმაურების შემდეგ, აღნიშნულ ფაქტს გამოეხმაურა თავდაცვის სამინისტროს სტრატკომი. უწყებაში განაცხადეს, რომ გენერალური ინსპექცია მუშაობდა „შემაჯამებელი გადაწყვეტილებაზე“, – ამბობენ „საფარში“.

ორგანიზაციის ცნობით, დღეს, 22 სექტემბერს თავდაცვის სამინისტრომ სახალხო დამცველს მიაწოდა ინფორმაცია, რომ ეს პირი სექსუალურ შევიწროებისთვის თანამდებობიდან გაათავისუფლეს.