თავის მართლება არ სჭირდებათ ჩვენს მოქალაქეებს იმის გამო, რომ არ იციან ქართული ენა – ჭაუჭიძე

პუბლიკა

„თავის მართლება არ სჭირდებათ ჩვენს ეთნიკურად არაქართველ მოქალაქეებს იმის გამო, რომ მათ სათანადოდ არ იციან ქართული ენა“, – განაცხადა მარნეულში მცხოვრებმა პედაგოგმა, გიორგი ჭაუჭიძემ „ტვ პირველის“ ეთერში.

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ მარნეულელ ქალს კორონავირუსი დაუდგინდა, სოციალურ ქსელში მარნეულისა და ბოლნისის მცხოვრებლების მიმართ სიძულვილის ენის შემცველი კომენტარები გაჩნდა.

„საკმაოდ არაკორექტული გამონათქვამები გაისმის სოციალურ ქსელებსა და მედიაში ჩვენი მოქალაქეების მხრიდან, გარკვეულწილად, თუნდაც ენობრივი ბარიერის გამო, რომელიც არსებობს მარნეულსა და  ბოლნისში და სხვა რეგიონებშიც, საქართველოში.

მე მინდა ვთქვა, რომ ჩვენს ეთნიკურად არაქართველ მოქალაქეებს  თავის მართლება არ სჭირდებათ იმის გამო, რომ სათანადოდ არ იციან ქართული ენა. მოქალაქეებს რომლებსაც დაბადებით მიენიჭათ საქართველოს მოქალაქეობა, მათი უფლებები არ განსხვავდება არანაირი ნიშნით და მათ შორის ენის ფლობის ნიშნითაც“, – განაცხადა გიორგი ჭაუჭიძემ.

მან ასევე კარანტინის გამოცხადების შემდგომ მარნეულში შექმნილ მდგომარეობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მოსახლეობა გაგებით ეკიდება დაწესებულ შეზღუდვებს და ითვალისწინებენ რეკომენდაციებს.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მარნეული და ბოლნისი მკაცრი კარანტინის ზონებად იქცა.