„თავისუფლების მოედანი“ აცხადებს, რომ არ აპირებს მონაწილეობას 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში.
პარტიის განცხადებით, ისინი არ აპირებენ, მონაწილეობა მიიღონ დემოკრატიის დასამარების წინასწარ გამოცხადებულ გეგმაში.
„დღეს საქართველოში საარჩევნო ადმინისტრაცია არც დამოუკიდებელია და არც მიუკერძოებელი, არსებობს გაყალბების უამრავი შესაძლებლობა, ხოლო არჩევნებზე დაკვირვებისა კი – აღარ. სამოქალაქო და მედია სივრცე გაქრობის პირასაა, სასამართლო მოქალაქეს აღარ იცავს, არჩევნები სუს-ის გეგმით იმართება, ქვეყანას 60-ზე მეტი პოლიტიკური პატიმარი ჰყავს, ხოლო ჩვენს კოლეგებს, ვისთანაც თანასწორ საარჩევნო მეტოქეობას ვისურვებდით, ქუჩებიდან იტაცებენ და უსამართლოდ სჯიან”. – აცხადებს „თავისუფლების მოედანი”.
პარტია აცხადებს, რომ გადაწყვეტილება, მიიღოს თუ არა პარტიამ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა, უნდა ეფუძნებოდეს განსჯას იმის შესახებ, შეუძლია თუ არა არჩევნების არა მხოლოდ შედეგებს, არამედ თავად პროცესს, გააძლიეროს „ქართული ოცნების” ჩამოშლა.
„დღევანდელი რეპრესიული პოლიტიკის გათვალისწინებით, ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე მოლაპარაკების არარსებობის პირობებში ვერ ვხედავთ, როგორ შეიძლება „თავისუფლების მოედნის” მონაწილეობა თვითმმართველობის არჩევნებში საზოგადოების სარგებელს ემსახურებოდეს.
არჩევნებში მონაწილეობა ნებისმიერი პარტიის მთავარი ფუნქციაა, ხოლო თვითმმართველობის არჩევნები ახლად შექმნილი პარტიის განვითარების საუკეთესო შესაძლებლობაა. ამიტომ, თუ ვითარება შეიცვლება და ჩვენს ამომრჩევლებთან ერთად დავრწმუნდებით, რომ თვითმმართველობის არჩევნებში დემოკრატიული ძალების მობილიზაცია და მონაწილეობა „ქართული ოცნების” წასვლას დააჩქარებს და ხელს შეუწყობს საპარლამენტო არჩევნების დანიშვნასა და პატიმრების გათავისუფლებას, ამას სათანადო მზადყოფნით შევხვდებით – გვჯერა, რომ „ოცნებას” ნებისმიერ სამართლიან არჩევნებს მოვუგებთ”. – წერს პარტია.
„ლელოს” წევრმა, ირაკლი კუპრაძემ 1 ივნისს „ფორმულას“ ეთერში თქვა, რომ თბილისის „წართმევა და გათავისუფლება“ შესაძლებელია.
ამის შემდეგ პოზიციები სხვა პარტიებმაც გამოხატეს.
მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის მორიგი არჩევნები 2025 წლის 4 ოქტომბერსაა დაგეგმილი.