„თავისუფლების მონიტორს" ქარტიის არცერთი პრინციპი არ დაურღვევია - ქარტია

პუბლიკა

ჟურნალისტური ეთიკის საბჭოს გადაწყვეტილებით „თავისუფლების მონიტორის” მიერ მომზადებულ სიუჟეტში „სადავო 40 გვერდი დისერტაციიდან – დოკუმენტები თსუ-ის რექტორს პლაგიატში ამხელს” არ დარღვეულა ქარტიის არცერთი პრინციპი.

თსუ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი „თავისუფლების მონიტორს” ქარტიის პირველი და მეხუთე პრინციპების დარღვევას ედავებოდა. ქარტიის პირველი პრინციპი სიზუსტის დაცვაზეა, მეხუთე ჩასწორების პრინციპს ეხება.

„თავისუფლების მონიტორის” გადაცემა თსუ-ის რექტორის გიორგი შარვაშიძის სადისერტაციო ნაშრომში შესაძლო პლაგიატს ეხებოდა. გადაცემის მიხედვით, შერვაშიძემ 15 წლის წინ მომზადებულ სადისერტაციო ნაშრომში ბროშურა უცვლელად გადაიტანა.

21 იანვარს იაგო კაჭკაჭიშვილმა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დასკვნა გაავრცელა, რომ უნივერსიტეტის რექტორს, გიორგი შარვაშიძეს სადისერტაციო ნაშრომზე პლაგიატი დაუდასტურდა.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დასკვნის მიხედვით, გიორგი შარვაშიძის სადისერტაციო ნაშრომში სრულად მეორდება ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ მიერ გამოცემული ბროშურის („სტრუქტურული რეფორმები უმაღლეს განათლებაში და საქართველოს კერძო უმაღლესი სასწავლებლების განვითარების ტენდენციები“, ი.კ) ძირითადი ტექსტი და ის სადისერტაციო ნაშრომის 34%-ს წარმოადგენს. 

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა პლაგიატი პროგრამა turnit-ის ანტიპლაგიატური პროგრამის მეშვეობით აღმოაჩინა. როგორც უნივერსიტეტის განცხადებაშია ნათქვამი,  იაგო კაჭკაჭიშვილის განცხადების საფუძველზე შედარდა ორი ტექსტი – გიორგი შარვაშიძის სადისერტაციო ნაშრომი „სტრუქტურული რეფორმები უმაღლეს განათლებაში და საქართველოს კერძო უმაღლესი სასწავლებლების განვითარების ტენდენციები” და „ღია საზოგადოება საქართველოს” მიერ გამოქვეყნებული ბროშურა „საქართველოში უმაღლესი განათლების ძირითადი მიმართულებები”. 

თსუ-ის სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარის ინფორმაციით კი,   გიორგი შარვაშიძეს სადისერტაციო ნაშრომში სხვა ტექსტებთან თანხვედრა მხოლოდ 8%  იყო და თსუ-ის სადისერტაციო საბჭომ პლაგიატი არ დაადგინა.