თბილისი | აქცია რამდენიმე საოლქო კომისიის შენობასთან ერთდროულად მიმდინარეობს

პუბლიკა

თბილისში, ვაკის #2 საოლქო საარჩევნო კომისიასთან, სადაც სხდომა მიმდინარეობს ოპოზიციის წარმომადგენლები და აქტივისტები შეიკრიბნენ. შენობასა და აქციის მონაწილეებს ერთმანეთისგან პოლიციის კორდონი ჰყოფს.

„ნუ ჩაყვებით პოლიტიკურ საფლავში ქართულ ოცნებას“, – ამგვარი განცხადებებით მიმართავენ საოლქო კომისიასთან შეკრებილები კომისიის წევრებს.

პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ კომისიამ არ დააკმაყოფილა მათი საჩივრები, რომელთაც თან ერთვოდა მტკიცებულებებიც.

ვაკის მეორე საოლქო საარჩევნო კომისიაში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის დავით ნებიერიძის განცხადებით, ცესკო-სგან აქვს კომისიას პირდაპირი დირექტივა, რომ მსგავსი საჩივრები განხილვის გარეშე დატოვონ. დავით ნებიერიძის თქმით, მან საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.

პარტია „ერთიანი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგლა ბარამიძე აცხადებს, რომ საქართველოს ცესკო არ ჰყავს და ეს არის კორუფციის და გაყალბების ბუდე. მისი თქმით, ჟვანიას მიმართ სისხლის სამართლის საქმე უნდა აღიძრას.

ხმაური მოჰყვა კომისიის შენობასთან ზვიად კუპრავას მისვლას. ის საოლქო საარჩევნო კომისიის შენობაში იმ ადამიანების შეშვებას ითხოვდა, რომელთაც შესაბამისი მოწმობები ჰქონდათ, ასევე ითხოვდა, საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან, ბესიკ ლაჩაშვილთან შეხვედრას და აცხადებდა, რომ მისთვის მტკიცებულებების გადაცემას აპირებდა, რომელიც არჩევნების გაყალბებას ასახავდა.

მას შემდეგ რაც კუპრავას კომისიის თავმჯდომარე არ შეხვდა, კუპრავამ საარჩევნო ოქმები პოლიციელებისა და საოლქო საარჩევნო კომისიის შენობის მიმართულებით ისროლა, რასაც ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

ვაკის საოლქოს პარალელურად აქცია იმართება მთაწმინდის #1 საოლქო კომისიასთან, სადაც „ევროპული საქართველოს“, ენმ-ს, „ლელოს“ და სხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები და აქტივისტები არიან მისული. მათ კომისიის სხდომაზე დასწრება სურთ.

„ევროპული საქართველოს“ წევრი გოკა გაბაშვილი აცხადებს, რომ მათი ყველა სარჩელი განუხილველია. „დაუბალანსებელი ოქმები, ჩაყრა, კარუსელი – ამაზე ხომ აქვთ პასუხი, რატომ ტოვებენ განუხლიველად?“ – განაცხადა გოკა გაბაშვილმა.

საოლქოს შესასვლელთან სამართალდამცველები არიან მობილიზებულები და აკონტროლებენ შენობაში შემსვლელებს. აქციის მიმდინარეობისას ცნობილი გახდა, რომ სხდომაზე „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი შეუშვეს. სხვა პარტიები კი გადაწყვეტილებას ელოდებიან.

„3 საჩივარი გაგვიქრეს ნინო ბურჯანაძის პარტიას. ყველა პარტიის ხმებია მოპარული და ახლა შეგნებულად არ გვიშვებენ შიგნით, წელავენ დროს, რომ შეგნებულად დაასრულონ სხდომა“, – განაცხადა „ერთიანი საქართველოს“ წარმომადგენელმა.

დაპირისპირება მოჰყვა „ლელოს“ მაჟორიტარობის კანდიდატის, საბა ბუაძის მცდელობას, შესულიყო კომისიის სხდომაზე.

სამგორში, #6 საოლქო საარჩევნო კომისიასთან სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატი ლევან ხაბეიშვილი მივიდა, რომელსაც სხდომაზე დასწრება სურდა, თუმცა პოლიციამ ამის საშუალება არ მისცა.

„50 პოლიციელი ჰყავთ მოყვანილი, რომ ერთი ხაბეიშვილისგან დაიცვან თავი, რა ჰგონიათ, ვინ სად შევარდება? ქურდები და გამყალბებლები არიან, ეს პოლიციელები კი არ იცავენ კანონს“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

თბილისის პარალელურად, საპროტესტო აქციაა ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიასთან.

თბილისში, საოლქო საარცევნო კომისიებთან საპროტესტო აქციები გუშინაც გაიმართა. გუშინდელი ინციდენტების შედეგად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ 12 პირი დააკავა. ამ დროისთვის 12-ვე მათგანი ხელწერილის საფუძველზეა განთავისუფლებული, თუმცა 7 პირის მიმართ ადმინისტრაციული სამართალწარმოებაა დაწყებული, მათი სასამართლო ხვალ გაიმართება.