ქუთაისში საოლქო კომისიასთან საპროტესტო აქცია ხმაურის ფონზე მიმდინარეობს

პუბლიკა

ქუთაისის 59-ე საოლქო კომისიასთან სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წევრები და მხარდამჭერები არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ საოლქო კომისიამ არჩევნები გააყალბა.

„შევარდნაძის სტილში, როგორც ხდებოდა 2003 წელს, ამ ხმების ქურდებმა, უნამუსოებმა გადაწერეს ოქმები“, – განაცხადა ქუთაისის მერობის კანდიდატმა გიგა შუშანიამ.

ქუთაისის საოლქო კომისიის შესასვლელთან სამართალდამცველები არიან მობილიზებულები. აქციის მონაწილეებმა შენობაში შესვლა სცადეს, თუმცა პოლიციამ ამის საშუალება არ მისცა.

შენობაში შესვლის მცდელობას პოლიციასა და აქტივისტებს შორის გაწევ-გამოწევა და ხმაური მოჰყვა.

მოგვიანებით, აქტივისტებმა გზის სავალი ნაწილის გადაკეტვა სცადეს, რის საშუალებაც მათ ასევე არ მისცა პოლიციამ.

ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიაში სხდომა მიმდინარეობს, სადაც 6 საჩივარი უნდა განიხილონ.

ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი, ოპოზიციის წარმომადგენელი ვანდა კუხიანიძე „TV პირველთან“ აცხადებს, რომ კომისიის სხდომა ოპოზიციის წარმომადგენლებმა სხდომის დატოვება გადაწყვიტეს, რადგან, მისი თქმით, „სხდომა მიმდინარეობდა ძალადობის ფონზე, ხელით შეეხნენ და გამოაძევეს ოპოზიციის წარმომადგენლებს“. ტელეკომპანიამ ეთერში ამის ამსახველი კადრებიც გაუშვა.