ისნის საოლქო კომისიასთან „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრებმა გალია და საკენკი მიიტანეს

პუბლიკა

ხმაურია ისნის საოლქო საარჩევნო კომისიასთან, სადაც „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრებმა და აქტივისტებმა პერფორმანსი მოაყვეს – გალია და საკენკი მიიტანეს, გალიაში კი ფურცლები მოათავსეს, რომელზეც კომისიის წევრების სახელები წერია.

აქტივისტები განმარტავენ, რომ გალიაში აღმოჩნდებიან კომისიის წევრები, როდესაც შეისწავლიან საპარლამენტო არჩევნების შედეგებს და დადგინდება, რომ ეს არჩევნები გაყალბებულია.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრები აცხადებენ, რომ კომისიის სხდომა დახურეს და მათი წევრი, რომელიც პროცესს ესწრებოდა, გარეთ განმარტების გარეშე გამოუშვეს. მათი ცნობით, 21 სხდომაზე 21 საჩივარი უნდა განხილულიყო, თუმცა არ განიხილეს.

ისნის საოლქო საარჩევნო კომისიასთან ინციდენტიც მოხდა. „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთ წევრს შენობიდან ბანერის ჩამოხსნა უნდოდა, თუმცა მას ამის საშუალება პოლიციამ არ მისცა.

„აქ წესით უნდა იყოს საოლქო საარჩევნო კომისია, რომელიც პატიოსნად და სამართლიანად დაითვლის ხმებს, მაგრამ აქ დაგვხვდნენ ქურდები და ყაჩაღები, რომლებმაც მოიპარეს ჩვენი ხმები. 21 საჩივარი იყო შესული, არც ერთი არ დააკმაყოფილეს, ეს მოულოდნელი არ ყოფილა, ესენი არიან ივანიშვილის მარიონეტები, არ იმსახურებდნენ ამ აბრას“, – განაცხადა „სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენელმა.

გარდა ისნისა, საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომა იმართება ვაკეში. კომისიის შენობასთან ნინო ბურჯანაძის პარტიის წევრები არიან მისულები და აცხადებენ, რომ „ერთიანი საქართველო – დემოკრატიულ მოძრაობას“ ხმები მოპარეს. ვაკის საოლქო საარჩევნო კომისიის შენობასთან სამართალდამცველები არიან მობილიზებული.

აქციაა დაგეგმილი მთაწმინდის საოლქო საარჩევნო კომისიასთანაც.