სხვადასხვა ქალაქში მოსწავლეების პროტესტი გრძელდება, მათზე ზეწოლას ცდილობენ

პუბლიკა

სკოლის მოსწავლეები „ქართული ოცნების“ მიერ ევროკავშირში გაწევრებაზე მოლაპარაკებების შეჩერებას და დემონსტრანტებზე ძალადობას მთელი საქართველოს მასშტაბით ათეულობით სკოლაში აპროტესტებენ.

დღეს მოსწავლეებმა პროტესტი გამოხატეს თბილისის რამდენიმე სკოლაში, ასევე, ზუგდიდის, ქუთაისის, ახალციხის, ბათუმის, ფოთის, ხაშურის სკოლებში.

პროტესტს დღეს თბილისის 21-ე, 162-ე, 174-ე, 175-ე, 102-ე, პირველი ექსპერიმენტული სკოლის და პირველი კლასიკური გიმნაზიის მოსწავლეები და პედაგოგების ნაწილი შეუერთდა. მოსწავლეებმა პროტესტი გამოხატეს „მწვანე სკოლაში“, ასევე, იუნკერთა სკოლაში.

სკოლების პროტესტი გუშინ, 2 დეკემბერს, ორშაბათს დაიწყო და მათი რიცხვი დღითი-დღე იზრდება.

„161-ე სკოლის სახელით გავიფიცეთ მოსწავლეების ნაწილი. ჩვენ გვინდა ევროპულ საქართველოში ცხოვრება. ფიზიკურად ვერ შევეგუებით იმ მდგომარეობას, რაც ახლა საქართველოშია. სოლიდარობას ვუცხადებთ სხვა სკოლებს, რომლებიც გაიფიცნენ, ასევე, საჯარო მოხელეებს და პირველ რიგში მათ ვუერთდებით, ვინც ღამე დგას აქციებზე, რათა ჩვენი სამშობლო დაიცვას“, – ამბობს ერთ-ერთი მოსწავლე.

„როცა გარეთ ჩვენს თანამოქალაქეებს სცემენ, ურტყამენ, რუსული რეჟიმი მათ არ აძლევს აზრის გამოხატვის საშუალებას, ამ დროს ყველა უნდა გაიფიცოს, უნდა გამოცხადდეს საყოველთაო დაუმორჩილებლობა და მაღალი კლასის მოსწავლეები, რომლებსაც შემდეგ არჩევნებზე ხმის მიცემის უფლება ექნებათ და თვითგაცნობიერებულები არიან, უნდა გამოვიდნენ გარეთ“, – თქვა სხვამ.

„ჩვენ არ გავჩუმდებით, არ მივიღებთ იმას, რაც ხდება. გავიფიცებით, არ გავჩერდებით გაკვეთილებზე, იმიტომ, რომ რომელი კონსტიტუცია უნდა მასწავლოს სამოქალაქოს მასწავლებელმა, როცა ყოველდღე ირღვევა ჩემი და ჩემი მეგობრების უფლებები“, – თქვა კიდევ ერთმა.

მოსწავლეებს უმეტეს შემთხვევაში არ აქვთ სკოლის დირექტორების მხარდაჭერა.

მაგალითად, „ბათუმელების“ ცნობით, ბათუმის მე-11 საჯარო სკოლის მოსწავლეებს პოლიციის გამოძახებით დაემუქრნენ.

ამ სკოლაში გაიფიცნენ მე-10, მე-11 და მე-12 კლასელები.

ხოლო ქუთაისის 36-ე სკოლასთან ბავშვებისთვის უცნობი კაცი მათგან ყვირილით მოითხოვდა აქციის შეწყვეტას, ვინაიდან, მისი თქმით, „ბავშვებს არ აქვთ აქციაზე ყოფნის უფლება“.

ხაშურში სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები მე-3 საჯარო სკოლაში იყვნენ შეკრებილი, შემდეგ კი მე-6 სკოლასთან გადაინაცვლეს, საიდანაც დირექტორი მოსწავლეებს შენობიდან არ უშვებს.

მოსწავლეები გამოკეტეს ზუგდიდშიც. სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებმა მსვლელობა გამართეს. მათ ვერ შეუერთდნენ პირველი სკოლიდან, ვინაიდან დირექტორმა აქაც ჩაკეტა კარი. შეკრებილმა მოსწავლეებმა თავად გადაინაცვლეს 1-ლ სკოლასთან, სადაც ბავშვები თანატოლებს ფანჯრებიდან გაშლილი ტრანსპარანტებით დახვდნენ.

მე-10 და მე-11 კლასელები გაიფიცნენ წალენჯიხის სოფელ ფახულანში. ფახულანი საოკუპაციო ხაზთან მდებარეობს.

ერთ-ერთი ადგილობრივი წერს: „ახლა ბავშვები სკოლაში ჰყავთ შეყვანილი, წალენჯიხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი უკითხავს მორალს იმაზე, რომ თურმე ევროპა მხოლოდ ერთსქესიანთა ქორწინება ყოფილა“.

საქართველოს ბავშვის უფლებათა კოდექსის მე-17 მუხლი ანიჭებს ყველა ბავშვს უფლებას, ისარგებლონ გაერთიანებისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებებით.

ასევე, ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-15 მუხლი ავალდებულებს სახელმწიფოს, აღიაროს და დაიცვას ყველა ბავშვის მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება.

სახელმწიფო ვალდებულია, ხელი შეუწყოს ბავშვებს, დაუბრკოლებლად ისარგებლონ მინიჭებული უფლებებით.

„პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ მოუწოდებს ყველას, თავი შეიკავონ ბავშვის უფლებათა ეროვნული კანონმდებლობით და საერთაშორისო ხელშეკრულებით მინიჭებული უფლებით სარგებლობის დროს უკანონო ჩარევისგან.

ორგანიზაცია ასევე გამოთქვამს მზადყოფნას, სამართლებრივი დახმარება გაუწიოს ბავშვებს უფლებების დარღვევის ნებისმიერ ფაქტზე.

  • 591551220
  • 598668806