EU-ს პრესსპიკერი: მზად ვართ ნაბიჯებისთვის, პასუხისმგებლობა დაეკისროს ძალადობაზე პასუხისმგებელ პირებს

პუბლიკა

გამოცემა Euroscope-ის დამფუძნებელი, თამარ ნუცუბიძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს ევროკომისიის პრესსამსახურის პასუხს შეკითხვაზე, თუ რას გულისხმობდა „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში ევროკომისარი გაფართოების საკითხებში, მარტა კოსი, როცა აღნიშნავდა, რომ შესაძლოა, „ქართულ ოცნებასთან“ დიალოგის განახლების დრო იყოს.

პრესსამსახური პასუხობს, რომ „ოცნების“ არსებული კურსი საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზას.

„ევროკავშირის ლიდერებმა მკაფიოდ განაცხადეს. საქართველოს ხელისუფლების ქმედებების არსებული კურსი საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზას და დე ფაქტო მიჰყავს ინტეგრაციის პროცესის შეჩერებისკენ.

ამ ფონზე ევროკავშირმა შეამცირა პოლიტიკური კონტაქტები საქართველოს ხელისუფლებასთან, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც მიმართულია არსებული მდგომარეობიდან გამოსავლის მოძებნისკენ“, – პასუხობს ევროკომისიის პრესსამსახური.

რაც შეეხება დახმარების საკითხს, პრესსპიკერი აცხადებს, რომ ევროკავშირმა შეაჩერა €120-მილიონზე მეტი დახმარება და არ გეგმავენ მხარდაჭერის განახლებას 2025 წელს.

„ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოს ხელისუფლებისთვის პირდაპირი დახმარება, რომლის ოდენობაც 120 მილიონ ევროს აღემატება, ასევე შეჩერებულია 30 მილიონი ევროს ოდენობის დახმარების პაკეტი 2024 წლისთვის ევროპის მშვიდობის მხარდაჭერის ინსტრუმენტის მეშვეობით.

არ ვგეგმავთ რაიმე სახის მხარდაჭერის ღონისძიებს 2025 წელს. ევროკავშირი აძლიერებს მხარდაჭერას სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მიმართ. სრული 15 მილიონი ევრო გამოიყო სამოქალაქო საზოგადოების მხარდასაჭერად უკვე არსებული და დაგეგმილი პროგრამების გარდა, რაც ნიშნავს, რომ სამჯერ იზრდება დაფინანსება სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის (5 მილიონიდან 15 მილიონ ევრომდე).

ევროპულმა საბჭომ შეაჩერა უვიზო რეჟიმი ქართველი დიპლომატების, ოფიციალური პირებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის, რომელთაც აქვთ დიპლომატიური ან ოფიციალური პასპორტი.

ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ბოლო საკანონმდებლო ინიციატივების გავლენას სამოქალაქო საზოგადოებასა და დამოუკიდებელ მედიაზე, ასევე ცვლილებების პროექტებზე, რომლებიც პოლიტიკურ პარტიებს ეხება“, – წერია პრესსამსახურის პასუხში.

ევროკომისიის პრესსპიკერი აცხადებს, რომ ევროკავშირი მზად არის, შემდგომი ნაბიჯებისთვის, პასუხისმგებლობა დაეკისროთ იმ პირებს, რომლებიც ძალადობაზე არიან პასუხისმგებელნი და მოუწოდებენ „ოცნებას“, რომ მოძებნონ მიმდინარე კრიზისიდან გამოსავალი.

„ევროკავშირი მზად არის შემდგომი ნაბიჯების გადადგმისთვის, პასუხისმგებლობა დაეკისროს იმ პირებს, რომლებიც ძალადობაზე არიან პასუხისმგებელნი.

მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, აქტიურად ეძებოს მიმდინარე კრიზისიდან გამოსავალი, აღადგინოს ნდობა და დიალოგი, რომელიც დაფუძნებული იქნება ნდობის განმტკიცების კონკრეტულ ნაბიჯებზე. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა აჩვენოს რეალური და შეუქცევადი ერთგულება ევროკავშირის გზაზე დაბრუნების მიმართ.

ეს საჭიროებს ძალადობის შეწყვეტას მოქალაქეების წინააღმდეგ, უსამართლოდ დაკავებულთა გათავისუფლებას, რეპრესიული კანონების შეჩერებას, ვენეციის კომისიასთან კონსულტაციას და შინაარსიან დიალოგში ჩართვას სამოქალაქო საზოგადოებასა და ყველა პოლიტიკურ აქტორთან, არსებული კრიზისიდან გამოსავლის მოსაძებნად“, – ვკითხულობთ ევროკომისიის პრესსამსახურის პასუხში.


კოსის თქმით, ევროკავშირი ახლა განიხილავს, როგორ შეუძლიათ დიალოგის წარმოება იმ აზრით, რომ „საქართველო ევროპულ გზაზე დააბრუნონ“.

რიკარდ იოზვიაკის შეკითხვაზე, რომ თურქეთის მსგავსად „მომავალში საქართველოშიც შესაძლოა, უმაღლესი რანგის დიალოგი რაიმე ფორმით განვითარდეს“, გაფართოების კომისარი ამბობს, რომ დიალოგი შეიძლება დაიწყოს დაბალი რანგით.