ევროკავშირის გაფართოების ევროკომისარი, მარტა კოსი „რადიო თავისუფლების“ ევროპის საკითხების რედაქტორთან, რიკარდ იოზვიაკთან ინტერვიუში აცხადებს, რომ გაერთიანება არ გამორიცხავს საქართველოსთან სავაჭრო შეთანხმებისა (DCFTA) და ვიზალიბერალიზაციის გადახედვას, თუმცა მისი თქმით, ამ უკანასკნელით ქართველი მოსახლეობის უმრავლესობა დაზარალდება.
კითხვაზე, არსებობს თუ არა რაიმე სხვა ზომები, რომელთა განხილვაც ევროკავშირს შეუძლია, კოსი პასუხობს, რომ შესაძლებლობები არსებობს, თუმცა „ფრთხილობენ“.
„ბევრი შესაძლებლობაა, მაგრამ ვფრთხილობთ ამ სიტუაციაში. შეიძლება, ვთქვათ, უკან წავიღოთ ვიზალიბერალიზაცია, მაგრამ დავაზიანებთ მოსახლეობის უმრავლესობას. შემდეგ, გვაქვს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA). შეიძლება, ამ შეთანხმებას გადავხედოთ. შემდეგ, საქართველოს კვლავ აქვს კანდიდატის სტატუსი. ასე რომ, შეიძლება ეს გავყინოთ, ისეთი ჩიხი შევქმნათ, როგორიც თურქეთთან. ეს არის შესაძლებლობები.
არ მომწონს, როდესაც მთავრობა ხალხს არ ითვალისწინებს. ხალხის დიდი სურვილი ევროპული გზით სიარულია. ამიტომ, ჩვენ ამაზე კვლავ ვიმუშავებთ. ვერ შევეგუები იმ ფაქტს, რომ საქართველო დავკარგეთ, მაშინაც კი, თუ მთავრობა ერთი მეორის მიყოლებით იღებს კანონებს, რომლებიც აშკარად ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს“, – ამბობს მარტა კოსი.
რას შეეხება სანქციების საკითხს, გაფართოების ევროკომისარი ამბობს, რომ ევროკავშირმა სცადა სანქციების დაწესება, მაგრამ წევრი ქვეყნებისგან ერთსულოვნების არარსებობის გამო, ეს ვერ მოხდა, თუმცა სანქციები დააწესეს ცალკეულმა ქვეყნებმა.
„ჩვენ ვცადეთ სანქციების დაწესება, მაგრამ ამის შესაძლებლობა არ ყოფილა, რადგან წევრ სახელმწიფოებს შორის ერთსულოვნება არ იყო. დიახ, ჩვენ ვცადეთ ამის გაკეთება, მაგრამ არიან ცალკეული წევრი სახელმწიფოები, რომლებმაც სანქციები დააწესეს ცალკეულ პირებზე“, – თქვა კოსმა.
კოსი ასევე ამბობს, რომ არ გამორიცხავს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებთან უმაღლესი რანგის კონტაქტების აღდგენას, რომელიც 2024 წლიდან შეწყვეტილია.
ჟურნალისტის კითხვაზე, „განიხილავს თუ არა ევროკავშირი საქართველოს მთავრობასთან მოლაპარაკებების ხელახლა დაწყებას და მაღალი დონის კონტაქტების განახლებას“, მარტა კოსი პასუხობს, რომ საუბრისთვის უნდა იცოდნენ, რის შეთავაზება შეუძლიათ და რაზეა მეორე მხარე წამსვლელი.
მისი განცხადებით, ევროკავშირი ახლა განიხილავს, როგორ შეუძლიათ დიალოგის წარმოება იმ აზრით, რომ „საქართველო ევროპულ გზაზე დააბრუნონ“.
კითხვაზე, ნიშნავს თუ არა ეს სამომავლოდ საუბარს, კოსი პასუხობს:
„დიახ. როგორც ვთქვი, ყველაზე მარტივი გზაა, არ ესაუბრო, მაგრამ ჩვენ ვესაუბრებით მსოფლიოს ბევრ სხვა ქვეყანას, რომლებსაც არ აქვთ კანდიდატის სტატუსი. საქართველოს ჯერ კიდევ აქვს კანდიდატის სტატუსი.
თურქეთს კანდიდატის სტატუსი შეჩერებული აქვს, ამიტომ 2019 წლიდან მოლაპარაკებებს არ ვაწარმოებთ, მაგრამ ახლა დავიწყეთ მაღალი დონის დიალოგები. ერთი დიალოგი გვაქვს ეკონომიკაზე, მეორეს ვგეგმავთ მიგრაციაზე. ვნახოთ, საბაჟო კავშირის მოდერნიზების პროცესში შევალთ თუ არა. იცით, ბიზნეს საზოგადოებას სურს, რომ ეს გავაკეთოთ“.
რიკარდ იოზვიაკის კითხვაზე, რომ თურქეთის მსგავსად „საქართველოშიც შესაძლოა, რომ უმაღლესი რანგის დიალოგი რაიმე ფორმით მომავალში განვითარდეს“, გაფართოების კომისარი ამბობს, რომ დიალოგი შეიძლება დაიწყოს დაბალი რანგით.
„შესაძლოა, დასაწყისში უმაღლეს დონეზე არა, შესაძლოა, დაბალი რანგით დავიწყოთ, მაგრამ შემდეგ ვნახოთ, როგორ შეიძლება ამ საკითხის განვითარება“, – თქვა ევროკომისარმა.