თბილისის 2 696 057 კვ.მ. შესაძლოა, გარდაბანს გადაეცეს | რას მოითხოვს ინვესტორი

პუბლიკა

თბილისისა და გარდაბნის ადმინისტრაციული საზღვრის ცვლილებასთან დაკავშირებით პარლამენტში საქართველოს მთავრობის წინადადება დარეგისტრირდა. საუბარია თბილისის 2 696 057 კვ.მ. ტერიტორიაზე, რომელიც შესაძლოა, გარდაბანს გადაეცეს. საქმე ეხება ინვესტორი კომპანია „პრიმერა გოლფ ენდ რეზიდენსის” მოთხოვნას.

შპს „პრიმერა გოლფ ენდ რეზიდენსსა“ და სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა შორის 2014 წლის 25 დეკემბერს დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, კომპანიამ შეიძინა გარდაბანში, სოფელ თელეთში მდებარე, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული, არასასოფლოს-სამეურნეო დანიშნულების 3 311 127.00 კვ.მ მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით – 78.00 კვ.მ.

კომპანია მუნიციპალიტეტებისადმი წარდგენილ წერილებში აღნიშნავს, რომ ხსენებულ მიწის ნაკვეთზე აშენებს მაღალი სტანდარტის საცხოვრებელ კომპლექსსა და სარეკრეაციო ტერიტორიას. ამჟამად მიწაზე მოქმედებს გოლფის მოედანი, სადაც თავისუფლად არის შესაძლებელი საერთაშორისო ტურნირების მასპინძლობა. გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთის შეძენისას, კომპანია მიზნად ისახავდა ქალაქგარეთ პრემიუმ კლასის ევროპული დასახლების მშენებლობას. აღნიშნული გულისხმობდა განაშენიანებას დედაქალაქის ფარგლებს გარეთ. კომპანიის განცხადებით, მსგავსი პროექტის განხორციელება დედაქალაქის ფარგლებში შეუძლებელია განაშენიანების მკაცრი გეგმითა და განვითარების შეზღუდული შესაძლებლობებით.

კომპანია აღნიშნავს, რომ ნასყიდობის ხელშეკრულებით ერთმნიშვნელოვნად იყო გათვალისწინებული, რომ მიწის ნაკვეთი მდებარეობდა გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ თელეთში, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ მისი ნაწილი მოქცეულია თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში, რაც, მათი თქმით, ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მათ შორის, კომუნიკაციის პროვაიდერებთან ურთიერთობის, მშენებლობის ნებართვების მოპოვებისა თუ მიწის გადასახადის ადმინისტრირების კუთხით.

აღსანიშნავია, რომ „ქალაქ თბილისის, გარდაბნის მუნიციპალიტეტისა და მცხეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2006 წლის 20 დეკემბრის №4173 დადგენილების მიხედვით შესყიდული ტერიტორიის ნაწილი მოქცეულია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში.

კომპანიის მოთხოვნაა, ხსენებული გარემოებების გათვალისწინებით, დაკორექტირდეს შესაბამისი მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული საზღვრები იმგვარად, რომ ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთი მოექცეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში.

მათი თქმით,  ნასყიდობის ხელშეკრულების პირველი მუხლის მიხედვით, ხელშეკრულების საგნად განსაზღვრულია გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ თელეთში მდებარე 3 311 127.00 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა N1 ფართით – 78.00 კვ.მ (ს/კ 81.03.12.065).

კომპანია თბილისისა და გარდაბნის მერებისადმი მიწერილ წერილში აღნიშნავს, რომ წარდგენილი აქვთ კორექტირებული რუკები და თბილისის ადმინისტრაციული საზღვრის შესაცვლელი ფართი შეადგენს 2 696 057 კვ.მ-ს.

საკრებულოს სხდომამ საკითხი ივლისში განიხილა. სხდომის ოქმში აღნიშნულია, რომ საკრებულოს მაშინდელმა თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ აღნიშნა, რომ აღნიშნული „გაუგებრობა“ გამოწვეულია იმით, რომ იმ პერიოდში მიმდინარეობდა დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმასა და ახალ რეგულაციებზე მუშაობა. თბილისის ქონების მართვის სააგენტოს წარმომადგენელმა, როგორც მომხსენებელმა მარიამ კვერნაძემ აღნიშნა, გარდა იმისა, რომ კომპანიამ მიწის ნაკვეთი სახელმწიფოსგან იყიდა როგორც გარდაბნის ტერიტორია, ორ მუნიციპალიტეტთან ურთიერთობა, პროექტის განხორციელებისთვის საკმაოდ რთულია.

საკრებულოს წევრმა ლევან ჟორჟოლიანმა აღნიშნა, რომ იქიდან გამომდინარე, რომ თბილისის მუნიციპალიტეტს კოორდინატების დადგენაში არ დაეხარჯა თანხა, ამის გაკეთება მოსთხოვა კომპანიას. აღმოჩნდა, რომ დემარკაციის პერიოდში, გარკვეულ საკადასტროებზე კოორდინატები არასწორად იყო დადგენილი და შესაბამისად, ამ ეტაპზე, წარმოდგენილია რეალურად დემარკაციის შესწორება.

საკითხს კენჭისყრაზე 24 მომხრე და 1 მოწინააღმდეგე ჰყავდა.

რა ვიცით კომპანია „პრიმერა გოლფ ენდ რეზიდენსზე“

სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, კომპანიის 90%-ს ფლობს  შპს OU Skinest Air /ესტონეთი/, ხოლო 10%-ს შპს „პედრო ლუის პასტორ“.

როგორ მიიღო კომპანიამ მიწის ნაკვეთი:

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება შპს „პრიმერა გოლფ ენდ რეზიდენცისმა“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შედეგად მიიღო. მათ საკუთრებაში ეს ტერიტორია 9 მილიონ ლარად გადაეცათ. მას აღნიშნული განკარგულებით სხვადასხვა საპრივატიზებო პირობებიც განესაზღვრა.

„პუბლიკამ” დაუკავშირდა კომპანიას შემდეგ შეკითხვებზე პასუხის მისაღებად: რამ გამოიწვია აღნიშნული „გაუგებრობა”, ვისი პასუხისმგებლობა იკვეთება, პირველ ეტაპზე რატომ ვერ მოხერხდა აღნიშნული საკითხის სწორად განსაზღვრა, რა ნიშნავს, „როგორც შემდეგ აღმოჩნდა, ტერიტორიის ნაწილი თბილისს ეკუთვნოდა”. ისინი ჩვენს ზარებს აღარ პასუხობენ.

ამავე შეკითხვებით „პუბლიკა” დაუკავშირდა ეკონომიკის სამინისტროსა და სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს. პასუხის მიღების შემთხვევაში სტატია განახლდება.