„თბილისს სჭირდება ბრედ პიტი და არა თემურ ჭყონია“ - ჭყონია

პუბლიკა

ბიზნესმენი თემურ ჭყონია ამბობს, რომ მას ასეთი ამბიციები არ აქვს და თბილისის მერობას არ აპირებს. ამი შესახებ მან ტელეკომპანია „ფორმულასთან“ ისაუბრა.

„ვერ წარმომიდგენია, ვიყო კაბინეტში და ვიყო მერი. არც შემიძლია. გადახედეთ თქვენს ნაცნობებს, გაიკითხეთ-გამოკითხეთ და გეტყვიან, რომ მე ეგეთი ამბიციები არ მაქვს.

მე ვფიქრობ, ჩემი შეხედულება არ შეესაბამება ისეთ არაჩვეულებრივ ქალაქს, როგორიც თბილისია. თბილისს სჭირდება ბრედ პიტი, თემურ ჭყონია არ სჭირდება“, – ამბობს თემურ ჭყონია ტელეკომპანიასთან.

თემურ ჭყონია მამუკა ხაზარაძესთან შეხვედრისა და ამ საკითხზე საუბრის შესახებ კი ამბობს, რომ „ამას არც უარყოფს და არც ადასტურებს.


„თემურ ჭყონია იქნება, ჩემი აზრით, [თბილისის მერობის] ძალიან კარგი, უპარტიო კანდიდატი“, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა და პარტია „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ გადაცემა „რეაქციაში“ განაცხადა ჟურნალისტის, ინგა გრიგოლიას შეკითხვაზე საპასუხოდ – შესთავაზა თუ არა ოპოზიციამ თბილისის მერობის კანდიდატობა ბიზნესმენ თემურ ჭყონიას.

„ვფიქრობ, რომ საქმიანი ხალხი რაც უფრო მეტი მოვა, რომელსაც არ აქვს არანაირი პარტიული მიკერძოება და არის თავისუფალი და სულ კრიტიკულად გამოთქვამს და არის ორი უზარმაზარი, ამერიკული კორპორაციის წარმატებული ადამიანი, რომელმაც ტრანსფორმირება გააკეთა… მე თემურის ერთ-ერთ, პრაქტიკულად, ლოკომოტივად მივიჩნევ ქართული ბიზნესის“, – აღნიშნა ხაზარაძემ.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, ადასტურებს თუ არა ხაზარაძე, რომ ჭყონიას კანდიდატურა შესთავაზეს, დეპუტატი პასუხობს: „მე მქონდა საუბარი, ვერ დაგიდასტურებთ, რომ მისგან დადებითი პასუხი მივიღე“.