თბილისში ბელარუსში მიმდინარე დემონსტრაციების მხარდამჭერი აქცია გაიმართა

პუბლიკა

დღეს თბილისში რუსთაველის გამზირზე ბელარუსში მიმდინარე დემონსტრაციების მხარდამჭერი აქცია გაიმართა. სოლიდარობის აქციაში საქართველოს მოქალაქეებთან ერთად ბელარუსის მოქალაქეებიც მონაწილეობდნენ.

„თავისუფლება ბელარუსს“, „სამართალი ბელარუსს“, „კანონით, ლუკაშენკო პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატია და არა პრეზიდენტი“, – აქციის მონაწილეები ამ შინაარსის პლაკატებით გამოხატავდნენ ბელარუსში საპროტესტო გამოსვლებში მონაწილეებისადმი მხარდაჭერას.


ბელარუსში დემონსტრაციები ამ დრომდე გრძელდება. 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნებში ალექსანდრ ლუკაშენკომ მე-6 ვადით იყარა კენჭი. ის 1994 წლიდან მართავს ბელარუსს. მინსკის ცენტრში მოქალაქეები მას შემდეგ შეიკრიბნენ, რაც ეგზიტპოლის შედეგები გამოქვეყნდა. ნაციონალური ეგზიტპოლის მიხედვით, ბელარუსის მოქმედმა პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ ხმების თითქმის 80% მიიღო. არჩევნების დღეს ბელარუსში დააკავეს ჟურნალისტები, მანამდე კი სვეტლანა ტიხანოვსკაიას საარჩევნო შტაბის წარმომადგენლები. BBC-ის ინფორმაციით, არჩევნებს არცერთი საერთაშორისო დამკვირვებელი არ აკვირდებოდა. ოფიციალური მონაცემებით, საპროტესტო გამოსვლებში მონაწილე 3 000-მდე ადამიანია დაკავებული. სპეცრაზმელებსა და მოქალაქეების დაპირისპირებისას ერთი ადამიანი დაიღუპა. BBC-ის ცნობით, ბელარუსის საპროტესტო აქციების მეოთხე ღამეს პოლიციის წინასწარი დაკავების იზოლატორში მეორე დემონსტრანტი გარდაიცვალა.