თბილისში ლიბანელებისთვის მხარდასაჭერად აქცია გაიმართა

პუბლიკა

თბილისში მოქალაქეებმა ლიბანელებს სოლიდარობა გამოუცხადეს და მხარდამჭერი აქცია გამართეს. აქციაზე, მშვიდობის ხიდზე შეკრებილებმა ბეირუთში დაღუპულთათვის პატივის მისაგებად სანთლები დაანთეს.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის ჰიშო ვებეს თქმით, ლიბანის მოსახლეობა ახლა მძიმე მდგომარეობაშია, აფეთქებამ 158 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, 6 000 დაშავდა, დაახლოებით 300 000-მა ადამიანმა კი საცხოვრებელი დაკარგა. მოქალაქეები კი ხელისუფლებას არ ენდობიან და მათ ვისაც ლიბანის დახმარება სურთ, სთხოვენ, დაეხმარონ არა ხელისუფლების გავლით, არამედ პირდაპირ ხალხს ან არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით.

აქციის ორგანიზატორის თქმით, დღეს აქციაზე ლიბანელთათვის დონაციების შეგროვება დაიწყო საქართველოს წითელმა ჯვარმაც, რომელიც ბეირუთში დაზარალებულებს ლიბანის წითელი ჯვრის მეშვეობით დაეხმარება.

აქციის ორგანიზატორის ჰიშო ვებეს თქმით, მისი თხოვნით, მშვიდობის ხიდზე ლიბანელთათვის სოლიდარობის ნიშნად შეკრებილებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს 2008 წელს საქართველო-რუსეთის ომში დაღუპულ საქართველოს მოქალაქეებსაც.