თბილისში „საჯარო ხელოვნების ფონდი“ იქმნება - მერია

პუბლიკა

„თანამედროვე ხელოვნების სპეციალისტებთან ერთად ვაფუძნებთ ახალ ინსტიტუციას, „საჯარო ხელოვნების ფონდს”, რომლის მიზანია, თანამედროვე ხელოვნება გახდეს ქალაქის განუყოფელი ნაწილი და თითოეული ადამიანისთვის ხელმისაწვდომი“ – განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის სხდომაზე.

მისივე თქმით, ეს მოხდება საჯარო სივრცეებში ხელოვნების ინტეგრაციით.

მერის განმარტებით, ერთ-ერთი ასეთი სივრცე იქნება ახლად რეაბილიტირებული ვაკის პარკი, სადაც კონკურსის საფუძველზე შერჩეული არტისტების მიერ შექმნილი ნამუშევრები განთავსდება.

„ეს იქნება ამ დარგისთვის ხელშეწყობა. გვინდა, ამ წარმატებულ ადამიანებს მივცეთ შესაძლებლობა, თავიანთი ნამუშევრები განათავსონ, მაგალითად, პარკებში. ასევე, დედაქალაქში ბევრ სხვა საჯარო სივრცეში – სკვერებში, მოედნებზე გამოვყოფთ ადგილებს, სადაც ამ ადამიანებს თავიანთი ნამუშევრების განთავსების საშუალება ექნებათ“, – განაცხადა კახა კალაძემ.