„თემა უკვე ამოიწურა“ - კორძაია პარლამენტში ერთჯერადად შესვლაზე

პუბლიკა

პარტია „რესპუბლიკელების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ კორძაიამ პარლამენტში ერთჯერადად შესვლის ინიციატივაზე განაცხადა, რომ „თემა უკვე ამოიწურა“, მისი თქმით, ეს პირველ რიგში იმით არის განპირობებული, რომ „ქართული ოცნებაც“ კი კომპრომისზე არ წავიდა“.

„ინიციატივის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი იყო, პოლიტიკური პარტიების საერთო თანხმობის შემთხვევაში ამის გაკეთება. პოლიტიკურმა პარტიებმა გამოხატეს პოზიცია, რომ ისინი მხოლოდ და მხოლოდ ვადამდელი არჩევნებისა და ამას მოყოლებული საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებების ფარგლებში არიან მზად, შევიდნენ და ხმა მისცენ. შესაბამისად, ვფიქრობთ, თემა უკვე ამოიწურა და ამ ფორმით, ამ საკითხზე საუბარი რთული იქნება, პირველ რიგში იმიტომ, რომ „ქართული ოცნებაც“ კი არ წამოვიდა არანაირ კომპრომისზე“, – ამბობს თამარ კორძაია.


10 თებერვალს საარჩევნო ბლოკ „ენმ – ძალა ერთობაშიას“ პარტიული სიით არჩეულმა პარლამენტის დეპუტატმა, „რესპუბლიკელების“ თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ „ქართული ოცნება“ ნულოვანი ბარიერით პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტს დაარეგისტრირებს, ის და თამარ კორძაია პარლამენტში მივლენ და კენჭისყრაში მონაწილეობას მიიღებენ.

ამ ინიციატივაზე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ ეს განცხადება „ძალიან ბავშვურია და თამაშია“.  

იქამდე კი 8 თებერვალს მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საარჩევნო რეფორმის ფარგლებში მმართველი გუნდი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების ბარიერის დაწევის საკითხს 0-დან 3%-მდე ფარგლებში განიხილავს, რაც მემორანდუმით აღებული ვალდებულებაცაა. მისი თქმით, „ქართული ოცნება” მათ შორის მზადაა, განიხილოს უბარიერო სისტემაც.