მგონია, რომ ძალიან ბავშვურია და თამაშია - მდინარაძე „რესპუბლიკელების“ ინიციატივაზე

პუბლიკა

„მგონია, რომ ძალიან ბავშვურია და თამაშია“, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძე ხათუნა სამნიძის განცხადების საპასუხოდ განაცხადა.

მდინარაძის განცხადებით, როდესაც ქვეყანაში ბევრი საკითხია, მათ შორის, მოქალაქეების სოციალური პრობლემები, ოპოზიციას ყურადღება სხვა თემაზე გადააქვს. ამის შესახებ მდინარაძემ „რუსთავი 2-ის“ ეთერში ისაუბრა.

„ქართული ოცნების“ აღმასურლებელი მდივანი მიიჩნევს, რომ 0%-იანი ბარიერი ქვეყანაში კრიზისს შექმნის, თუმცა მმართველი გუნდი მზად არის, მოისმინოს საწინააღმდეგო არგუმენტიც.

„მგონია, რომ ძალიან ბავშვურია და თამაშია [ხათუნა სამნიძის განცხადება]. მაშინ, როდესაც უნდა ვლაპარაკობდეთ იმაზე, თუ როგორ მოვაგვაროთ მოქალაქეების სოციალური პრობლემები, მართლაც ძალიან ბევრი საკითხია და ისინი, ერთადერთი, რასაც თავის ამ საბოტაჟისგან შედარებით აღწევენ, არის ის, რომ მთელი ყურადღება სხვა საკითხებზე გადაიტანონ.

… ჩვენ როდესაც მემორანდუმს ხელი მოვაწერეთ და იქ წერია 0%-დან 3%-მდე, ეს იმას ნიშნავს, რომ დღევანდელი 5% ჩვენთვის, ვთქვათ, კომპრომისულ ვარიანტად შეიძლება იყოს გადახედილი და ოპოზიციას, როგორც მინიმუმ, დღეს თუ პარლამენტში შემოვა და 113 ხმა მოგროვდება საამისოდ, 3% ხელში უჭირავს. ჩემი აზრით, აქ პრობლემა არ არის, მაგრამ სხვა შემთხვევებში უნდა ჩამოვიდეთ 2-ზე, 1-ზე თუ საერთოდ უბარიერო სისტემა იყოს, ამას სჭირდება არგუმენტები. იქნებ დაგვარწმუნონ. კი ბატონო, განსხვავებული აზრიც არსებობს, მათ შორის გუნდის შიგნით. ადრეც იყო ამაზე მსჯელობა, ახლაც შეიძლება ამაზე მსჯელობა გაგრძელდეს“, – განაცხადა მდინარაძემ.


საარჩევნო ბლოკ „ენმ – ძალა ერთობაშიას“ პარტიული სიით არჩეულმა პარლამენტის დეპუტატმა, „რესპუბლიკელების“ თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ „ქართული ოცნება“ ნულოვანი ბარიერით პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტს დაარეგისტრირებს, ის და თამარ კორძაია პარლამენტში მივლენ და კენჭისყრაში მონაწილეობას მიიღებენ.

„ეს არ ნიშნავს პარლამენტში შესვლას, მუშაობას,  დარჩენას. ეს ნიშნავს ხელის მიჭერას, რომ მივიღოთ უკეთესი მომავალი”, – განაცხადა მან.