თემურ ჭყონია იქნება თბილისის მერობის ძალიან კარგი, უპარტიო კანდიდატი - მამუკა ხაზარაძე

პუბლიკა

„თემურ ჭყონია იქნება, ჩემი აზრით, [თბილისის მერობის] ძალიან კარგი, უპარტიო კანდიდატი“, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა და პარტია „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ გადაცემა „რეაქციაში“ განაცხადა ჟურნალისტის, ინგა გრიგოლიას შეკითხვაზე საპასუხოდ – შესთავაზა თუ არა ოპოზიციამ თბილისის მერობის კანდიდატობა ბიზნესმენ თემურ ჭყონიას.

„ვფიქრობ, რომ საქმიანი ხალხი რაც უფრო მეტი მოვა, რომელსაც არ აქვს არანაირი პარტიული მიკერძოება და არის თავისუფალი და სულ კრიტიკულად გამოთქვამს და არის ორი უზარმაზარი, ამერიკული კორპორაციის წარმატებული ადამიანი, რომელმაც ტრანსფორმირება გააკეთა… მე თემურის ერთ-ერთ, პრაქტიკულად, ლოკომოტივად მივიჩნევ ქართული ბიზნესის“, – აღნიშნა ხაზარაძემ.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, ადასტურებს თუ არა ხაზარაძე, რომ ჭყონიას კანდიდატურა შესთავაზეს, დეპუტატი პასუხობს: „მე მქონდა საუბარი, ვერ დაგიდასტურებთ, რომ მისგან დადებითი პასუხი მივიღე“.

ჟურნალისტი: „ანუ უარი გითხრათ?“

ხაზარაძე: „არა, მე მინდა გითხრათ, რომ ვისურვებდი ასეთი მერი ჰყავდეს ქალაქს, ნამდვილად. შეთავაზება არ ყოფილა ასე. უბრალოდ ვისაუბრეთ. მე ვისურვებდი, რომ ასეთი ადამიანი იყოს ქალაქის სათავეში, მაგრამ ამის მეტის თქმის უფლება არ მაქვს“.