ტექნიკურმა მთავრობამ უნდა ჩაატაროს არჩევნები, უნდა მოვიდეს ახალი ხელისუფლება და გაატაროს რეფორმები - ნონიაშვილი

პუბლიკა

„ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ნონიაშვილი ეხმაურება მოძრაობის, „შინ ევროპისკენ” მიერ აქციაზე წამოყენებულ მოთხოვნებს და აღნიშნავს, რომ სწორია რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნა, სწორია ისეთი ტექნიკური და გარდამავალი მთავრობის მოთხოვნა, რომელიც ჩაატარებს თავისუფალ და დემოკრატიულ არჩევნებს.

„რაც შეეხება რეფორმების განხორციელებას, ამ ნაწილში პროფესიულადაც და პოლიტიკურადაც ბუნებრივია, გამაჩნია სკეფსისი, იქიდან გამომდინარე, რომ რეფორმების განხორციელებას ზოგადად სჭირდება ხალხის წარმომადგენლობითი მანდატი და პოლიტიკური წონა, ხოლო ყველა პროცესი, რომელიც პოლიტიკური წონის გარეშე წარიმართება ხელისუფლების მხრიდან ე.წ ტექნოკრატიული პროცესი, ყოველთვის ართულებს ხოლმე საქმეს”, – აღნიშნა მან.

მისი თქმით, ყველაზე მარტივი გამოსავალი ცხადია არის, რომ ტექნოკრატიულმა მთავრობამ ქვეყანა უნდა მოამზადოს არჩევნებისთვის, ჩაატაროს და დემოკრატიული პროცესის შედეგად ახალი, დემოკრატიული ხელისუფლება მოვიდეს სათავეში, რომელიც განახორციელებს რეფორმებს.

„ტექნიკურ მთავრობას არ ექნება წარმომადგენლობითი მანდატი და შესაბამისად ლეგიტიმაციის ხარისხი იქნება დაბალი. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ყველა მთავრობა, რომელიც უნდა მართავდეს მომავალში საქართველოს, მას უნდა ჰქონდეს ხალხის ლეგიტიმაცია და შესაბამისად ექნება მას მანდატი იმისთვის, რომ ის რეფორმები განახორციელოს, რაზეც არის საზოგადოებრივი დაკვეთა”, – განაცხადა გიორგი ნონიაშვილმა.

პარტიის კიდევ ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას თქმითაც, შესაძლებელია, ფართო კონსესუსის საფუძველზე ე. წ. ტექნიკური, დროებითი მთავრობა შეიქმნას და თავისუფალი არჩევნების ჩატარება დაევალოს, მაგრამ ქვეყნის მართვა, ძალაუფლების განხორციელება, ქვეყნის ტრანსფორმაცია მხოლოდ თავისუფალი არჩევნების შედეგად ამომრჩევლების მანდატის მქონე მთავრობას, ანუ დემოკრატიული არჩევნების შედეგად არჩეული პარლამენტის მიერ დამტკიცებულ გუნდს შეუძლია.

მათ კომენტარს პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.


24 ივნისს გამართული აქციის მთავარი მოთხოვნაა, გადადგეს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.  შეიქმნას ეროვნული თანხმობის მთავრობა, რომელიც ევროკავშირის რეკომენდაციის თორმეტივე პუნქტს ზამთრამდე შეასრულებს.

მომდევნო აქცია თბილისში, პარლამენტთან 3 ივლისს გაიმართება. იქამდე კი ხელისუფლებას მოთხოვნების შესრულებისთვის ერთკვირიანი ვადა ეძლევა.