ბათუმის მერია, აჭარის მთავრობის მსგავსად, მუნიციპალურ ქონებას უკონკურენტოდ ასხვისებს. ამ აუქციონებში გამარჯვებული რვა კომპანიის დირექტორებმა, მოქმედმა და ყოფილმა მფლობელებმა „ქართულ ოცნებას“ სხვადასხვა დროს ჯამში 1,536,000 ლარი შესწირეს. აუქციონებში გამარჯვებულმა კომპანიებმა სახელმწიფო შესყიდვებიდან 4 მილიონ ლარამდე მიიღეს.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ შეისწავლა 2025 წლის 1 იანვრიდან დღემდე ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მოწყობილი ელექტრონული აუქციონები, რომლის მიზანი ბათუმის მუნიციპალიტეტის უძრავი ქონების პრივატიზაცია იყო. ამ პერიოდში მერიამ სულ 118 ელექტრონული აუქციონი გამოაცხადა. მათგან 60 აუქციონი არ გაიმართა მონაწილეების არარსებობის გამო.
შესაბამისად, ამ აუქციონებზე გასაყიდად გამოტანილი ქონება ვერ გაიყიდა. 1 აუქციონი ბათუმის მერიამ შეწყვიტა და 2,5 თვეში, უცვლელი პირობებით ისევ გამოცხადდა აუქციონი და ის შპს „პონტუს გონიომ“ უკონკურენტოდ მოიგო. 57 შემდგარი აუქციონიდან, სადაც გამარჯვებულები გამოვლინდნენ, 52 იყო უკონკურენტო და მასზე გამოტანილი უძრავი ქონება გაიყიდა საწყის საპრივატიზებო ღირებულებაზე მინიმალური ფასნამატით, ერთ სააუქციონო ბიჯში.
TI-ის მოკვლევით, 57-ვე აუქციონის შედეგად გასხვისდა 8,954 კვ.მ ჯამური ფართობის 57 მიწის ნაკვეთი. ამ მიწის ნაკვეთების საწყისი საპრივატიზაციო ღირებულება 10,192,110 ლარი იყო, რაც აუქციონებზე ვაჭრობის შედეგად გაიზარდა 484,286 ლარით და, საბოლოოდ, ბათუმის ბიუჯეტმა მიიღო 10,676,396 ლარის შემოსავალი. კონკურენტულ გარემოში მიმდინარე აუქციონებზე გატანილი ქონებები საპრივატიზაციო ფასთან შედარებით ერთნახევარჯერ მეტ ფასად გაიყიდა, ხოლო უკონკურენტო აუქციონებზე გამოტანილი ქონებები – მინიმალური ფასნამატებით.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ წერს, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, ზურაბ პატარაძის მეგობრის, ბიზნესმენ ედნარ პაპუნაიშვილის კომპანიამ, შპ „ოპუს სიგნიჩარმა“ (ყოფილი შპს „ოპუს ცენტრი“ და „გთემ კონტრაქშენი“), 2026 წლის 23 აპრილს, უკონკურენტოდ, მინიმალური: 10,750 და 38,850 ლარიანი ფასნამატებით, 367,950 და 1,333,550 ლარად მოიგო 238 და 863 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთები, რომლებიც მდებარეობს ბათუმის ცენტრში, ალექსანდრე გრიბოედოვის ქუჩა #62-ში და ივანე ჯავახიშვილის ქუჩა #31-ში.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” უკვე წერდა იმის თაობაზე, რომ ედნარ პაპუნაიშვილის მეორე კომპანიამ, შპს „ხიდი-2006”-მა, 2025 წლის 25 აგვისტოს, ასევე უკონკურენტოდ, 136,300 ლარად მოიგო უპირობო ელექტრონული აუქციონი, რომელზეც გაიყიდა კურორტ გოდერძიზე მდებარე 383 კვადარტული მეტრი მიწის ნაკვეთი.
ელექტრონულ აუქციონებში გამარჯვებული 8 კომპანიის დირექტორები, წილის მოქმედი და ყოფილი მფლობელები, მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მსხვილი შემწირველები არიან – სხვადასხვა დროს მათ ჯამში 1,536,000 ლარი შესწირეს. ამ კომპანიებიდან ექვსმა აუქციონები უკონკურენტოდ მოიგო. მათ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ 345,000 ლარის შემოწირულება გაიღეს;
TI-ის მოკვლევის თანახმად, უკონკურენტო აუქციონში კიდევ ერთი გამარჯვებულის, ბექა თვალაძის ბიზნესპარტნიორმა შპს „ფორის დეველოპმენტში“ და შპს „ფორის დეველოპმენტ 2-ში“, ბექა მანველიძემ 65,000 ლარი შეწირა „ქართულ ოცნებას“. ბექა მანველიძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის არალეგიტიმური მინისტრის მოადგილის, გიორგი მანველიძის ძმაა.
მანამდე, 2020-2024 წლებში, გიორგი მანველიძე აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართული ოცნებას“ ხელმძღვანელობდა. გიორგი და ბექა მანველიძეების მამა, ბაგრატ მანველიძე, 2014-2017 წლებში იყო ბათუმის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერი, ხოლო შემდგომ – აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის მინისტრის მოადგილე. 2019 წლის 30 მაისს, ბაგრატ მანველიძე, სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად, სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვისა და სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე დააკავეს.
TI-ის მოკვლევით, აუქციონში უკონკურენტოდ გამარჯვებულმა კომპანია შპს „სოლიდმა“, სახელმწიფო შესყიდვებიდან, დაფუძნებიდან დღემდე, ჯამში მიიღო 3,861,398 ლარის შემოსავალი. მათ შორის, უკონკურენტოდ მოიგო 1,107,024 ლარის ჯამური ღირებულების 82 ელექტრონული ტენდერი.
ორგანიზაცია საყურადღებოდ მიიჩნევს, რომ ელექტრონულ აუქციონებში უკონკურენტოდ გამარჯვებული ერთი კომპანიის დაფუძნების/რეგისტრაციის თარიღი: შპს „ქონექთ პროპერთი ჯორჯია“ დაფუძნდა 2025 წლის 24 იანვარს, აუქციონის გამოცხადებამდე 6 დღით ადრე.