TI და ISFED საარჩევნო კოდექსში შესულ ცვლილებებს აფასებენ და რეკომენდაციებს ავრცელებენ

პუბლიკა

ორგანიზაციები „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ და „სამართლიანი არჩევნები“ საარჩევნო კოდექსში შესულ ცვლილებებს აფასებენ.

მათ მიერ გავრცელებული საერთო ანგარიშის მიხედვით, განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს უფრო სამართლიანად და უკეთესად აწესრიგებს, თუმცა, კანონში არ აისახა გარკვეული თემები, რომელთა შეცვლაც აუცილებელია საარჩევნო ადმინისტრაციის დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის, ასევე, ადგილობრივი თვითმმართველობის საარჩევნო სისტემის და სხვა რეგულაციების გასაუმჯობესებლად.

ორგანიზაციების შეფასებით, მიღებული ცვლილებები დიდწილად უახლოესი არჩევნების ჩატარებისთვის სამართლებრივი ჩარჩოს აწესრიგებს და ვერ უზრუნველყოფს სტაბილური, მდგრადი საარჩევნო კანონმდებლობის ჩამოყალიბებას, რაც კიდევ ერთხელ ავლენს საარჩევნო კოდექსის ფუნდამენტური რეფორმის გაგრძელების საჭიროებას.

მნიშვნელოვანი პოზიტიური ცვლილებებიდან აღსანიშნავია შემდეგი:

  • სამივე დონეზე საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების წესი შედარებით უფრო სამართლიანი გახდა. გაიზარდა პარტიების მიერ დანიშნულ წევრთა რაოდენობა და თითო პარტია მხოლოდ ერთ წევრს დანიშნავს. ცესკოს პროფესიული წევრების სრული ვადით (5 წლით) არჩევას უბრალო უმრავლესობის ნაცვლად, დასჭირდება პარლამენტის ⅔-ის თანხმობა.
  • მუნიციპალიტეტების საკრებულოების დაკომპლექტებისას შემცირდა საარჩევნო ბარიერი და გაიზარდა პროპორციულად არჩეულ საკრებულოს წევრთა წილი, შესაბამისად, ცვლილებები უზრუნველყოფს ამომრჩეველთა ნების მანდატებში უფრო პროპორციულ ასახვას; საკრებულოს მაჟორიტარად პირველივე ტურში ასარჩევად საჭირო გახდა ამომრჩევლის მინიმუმ 40%-ის მხარდაჭერის მოპოვება.
  • აიკრძალა საუბნო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმის შესწორების ოქმის შედგენა კენჭისყრის დღის შემდგომ დღეებში; საოლქო საარჩევნო კომისიას აეკრძალა ოქმში შესწორების შეტანა ბიულეტენების გადათვლის გარეშე; სავალდებულო წესით კომისიები გადაითვლიან საარჩევნო უბნების 10%-ს.
  • სამუშაო საათებში აგიტაციაში მონაწილეობის აკრძალვა გაფართოვდა და ის ყველა საჯარო მოსამსახურეს შეეხება, აგრეთვე ის გავრცელდა სკოლამდელ და ზოგად საჯარო საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულებზეც.
  • ზემდგომ საარჩევნო კომისიებში საჩივრების წარსადგენად ჩამოყალიბდება უფლებამოსილი პირების სპეციალური ბაზა და საჩივრის წარდგენა ელექტრონულადაც იქნება შესაძლებელი; ასევე, გაიზარდა გასაჩივრების და საჩივრების/სარჩელების განხილვის გარკვეული ვადები.

უარყოფითად უნდა შეფასდეს შემდეგი ცვლილებები:

  • 2021 წლის ადგილობრივ არჩევნებამდე იმოქმედებს ცესკოს პროფესიული წევრების (მათ შორის თავმჯდომარის) დანიშვნის განსხვავებული წესი. კერძოდ, შეცვლილია ამ პროცესში ჩადებულ ე.წ. პოლიტიკური ჩიხის საწინააღმდეგო მექანიზმი: პროფესიული წევრის 2/3-ით არჩევის შეუძლებლობის შემთხვევაში, მას პარლამენტის 3/5 ამტკიცებს, ხოლო თუ ეს კვორუმიც ვერ შეგროვდა, ცესკოს წევრს პარლამენტის უბრალო უმრავლესობა ირჩევს. თითოეულ კენჭისყრას შორის პერიოდი არანაკლებ 4 კვირა უნდა ყოფილიყო. თუმცა, 2021 წლის არჩევნებამდე 4 კვირიანი ვადა შემცირდა 1 კვირამდე, რამაც მნიშვნელოვნად შეამცირა პარტიებს შორის კომპრომისის მიღწევის სივრცეს და საპარლამენტო უმრავლესობას, ფაქტობრივად, საშუალებას მისცა ოპოზიციის თანხმობის გარეშე, მარტივად აერჩია მისთვის მისაღები კანდიდატები.
  • აგრეთვე დროებით იმოქმედებს რეგულაცია, რომლის მიხედვითაც იმ შემთხვევაში თუ 9-ზე მეტი პარტია გადალახავს საპარლამენტო საარჩევნო ბარიერს საარჩევნო კომისიების წევრების დანიშვნისას უპირატესობა მიენიჭება იმ პარტიას, რომელსაც მეტი სახელმწიფო დაფინანსება ეკუთვნის, განსხვავებით ზოგადი წესისა, როდესაც უპირატესობა ენიჭება იმ პარტიას, რომელმაც მეტი ხმა მიიღო არჩევნებზე. ამ დროებითმა წესმა შექმნა შესაძლებლობა, რომ ბლოკის შემადგენლობაში შესულ ერთზე მეტ პარტიას მიეღო კომისიის წევრის დანიშვნის უფლება, ხოლო არჩევნებში ინდივიდუალურად მონაწილე ბარიერგადალახული პარტია საარჩევნო ადმინისტრაციაში წევრის დანიშვნის უფლება გაუუქმდა.
  • პარტია კარგავს საარჩევნო კომისიებში წევრის დანიშვნის უფლებას, თუ მის მიერ გაყვანილმა ყველა პარლამენტარმა, 2021 წლის 19 აპრილის მდგომარეობით, დატოვა პარტია და სხვა პარტიაში გაწევრიანდა. ასეთ შემთხვევაში, ახალ პარტიას გადაეცემა კომისიის წევრების დანიშვნის უფლება. ეს ჩანაწერი პირდაპირ მოერგო  „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ შემთხვევას, შედეგად, პარტიამ დაკარგა საარჩევნო კომისიებში წევრის დანიშვნის უფლება და ის „ევროპელ სოციალისტებს“ გადაეცა. ეს პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ საარჩევნო სიით პარლამენტში შესულმა წევრებმა დააფუძნეს.
  • საარჩევნო უბანზე, კენჭისყრის დღეს, პარტიების მიერ დანიშნულ კომისიის წევრებს აღარ ექნებათ უფლება შეასრულონ ამომრჩეველთა რეგისტრატორის ფუნქცია, რაც კომისიის წევრებს არათანაბარ პირობებში აყენებს, ასევე, ამ შეზღუდვამ, შესაძლოა, საარჩევნო პროცედურების ჯეროვან აღსრულებას ხელი შეუშალოს.

„სამართლიანი არჩევნების” და „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აზრით, განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს უფრო სამართლიანად და უკეთესად აწესრიგებს, თუმცა, ისინი დიდწილად უახლოესი არჩევნების ჩატარებისთვის სამართლებრივი ჩარჩოს ჩამოყალიბებას ემსახურება და ვერ უზრუნველყოფს სტაბილური, ხანგრძლივ ვადაზე გათვლილი, ოპტიმალური საარჩევნო კანონმდებლობის არსებობას. აქედან გამომდინარე, საარჩევნო კოდექსის შემდგომი რეფორმირება უნდა გაგრძელდეს. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა ორგანოებმა და პირებმა კანონმდებლობა პრაქტიკაში კეთილსინდისიერად და ეფექტიანად აღასრულონ, რათა ბევრი კარგი რეგულაცია განუხორციელებელი არ დარჩეს.

ძირითადი რეკომენდაციები

1.საარჩევნო ადმინისტრაცია

გრძელვადიან პერსპექტივაში აუცილებელია საარჩევნო ადმინისტრირების სისტემის მასშტაბური რეფორმა, რომელიც დაფუძნებული იქნება სრულად პროფესიული ნიშნით დაკომპლექტების პრინციპზე. არსებული რეალობიდან გამომდინარე, დღესვე ამ მოდელზე გადასვლა ნაადრევია, პროფესიული ნიშნით კომისიების დაკომპლექტების პროცესისადმი ნდობის ნაკლებობის გამო. აღნიშნული რეფორმის განხორციელებამდე, შესაძლებელია, დღეს არსებული მოდელის გაუმჯობესება შემდეგი გზებით:

  • პროფესიული ნიშნით ცესკოს წევრების შესარჩევად შექმნილი საკონკურსო კომისიის საქმიანობის მიუკერძოებლობის და ობიექტურობის უზრუნველყოფის მიზნით, მნიშვნელოვანია, ამ კომისიის დაკომპლექტებისა და საქმიანობის  დეტალური რეგლამენტაცია;
  • საოლქო საარჩევნო კომისიის პროფესიული ნიშნით წევრების შესარჩევად მნიშვნელოვანია, დადგინდეს დამატებითი კრიტერიუმები, რაც გამორიცხავს  პროფესიული ნიშნით საოლქო საარჩევნო კომისიის წევრად იმ პირების შერჩევას, რომლებიც ბოლო არჩევნებზე პოლიტიკური პარტიების მიერ დანიშნული წევრები/წარმომადგენლები  ან მასთან ასოცირებული პირები იყვნენ;
  • ვინაიდან საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტებისთვის დადგენილი მოკლე ვადები სრულყოფილი კონკურსის ჩატარებას შეუძლებელს ხდის და მოქმედი ვადების გახანგრძლივების მხრივაც დიდი არჩევანის საშუალებას არსებული სისტემა არ იძლევა, ეს საკითხიც საჭიროებს სისტემურ და ფუნდამენტურ ცვლილებებს;
  • პოლიტიკური პარტიების მიერ დანიშნულ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს არ უნდა შეეზღუდოთ საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა რეგისტრატორის ფუნქციების შესრულების უფლება.

2.საარჩევნო სისტემა

  • ადგილობრივი თვითმმართველობების საკრებულოების ზომები გადახედვას საჭიროებს. აუცილებელია, ჩამოყალიბდეს ცხადი კრიტერიუმები, რომელთა საფუძველზეც თითოეულ მუნიციპალიტეტში განისაზღვრება საკრებულოს წევრთა რაოდენობა;
  • ადგილობრივი თვითმმართველობის მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების ზომებისა და საზღვრების დადგენის პროცესში მნიშვნელოვანია, გონივრულად დაბალანსდეს საარჩევნო ოლქების ზომის შედარებითი თანაბრობისა და სხვადასხვა გეოგრაფიული, ასევე, სოციალურ-კულტურული თავისებურების გათვალისწინების პრინციპები. ამასთანავე, მნიშვნელოვანია, ოლქების საზღვრების დადგენისას გამოირიცხოს ე.წ. „ჯერიმენდერინგის” (მანიპულაციის) საფრთხე;
  • ვინაიდან პარტიული სიებით არჩეულ საკრებულოს წევრთა გაზრდილი წილი ადგილობრივ დონეზე პოლიტიკური პარტიების როლს ზრდის, ხოლო ინდივიდუალურად მოქმედ დამოუკიდებელ კანდიდატებს  წარმომადგენლობით ორგანოში მოხვედრის შედარებით ნაკლებ შესაძლებლობას უტოვებს, სასურველია, პროპორციული წარმომადგენლობის საარჩევნო სისტემა იმგვარად იქნეს გამოყენებული, რომ არაპროპორციულობის შემცირებასთან ერთად, გაითვალისწინოს დამოუკიდებელი კანდიდატების უფლებაც, არჩეულნი იყვნენ წარმომადგენლობით ორგანოში. აღნიშნული პრობლემის გადაჭრის მიზნით, საარჩევნო სიების წარდგენის უფლება საინიციატივო ჯგუფებსაც შეიძლება მიენიჭოთ.

3.საარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება

  • საარჩევნოდ ადამიანური ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შეზღუდვის მხრივ, სტანდარტის კიდევ უფრო დასახვეწად, სასურველია, საჯარო მოსამსახურეების გარდა, მინისტრის მოადგილეებს და რეგიონებში სახელმწიფო რწმუნებულებსაც შეეზღუდოთ სამუშაო საათებში საარჩევნო აგიტაციის უფლება;
  • საჭიროა საარჩევნო კოდექსში დაზუსტდეს აგიტაციის განმარტება და მე-2 მუხლის „ჰ1“  პუნქტს დაემატოს შემდეგი წინადადება:
  • წინასაარჩევნო აგიტაციას, ასევე, წარმოადგენს ნებისმიერი ქმედება განხორციელებული სოციალური ქსელების, მათ შორის, პირადი ანგარიშის/გვერდის საშუალებით.