TI: ხელისუფლება არ ასრულებს სამართლიან არჩევნებზე ევროკავშირის რეკომენდაციებს

პუბლიკა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ აცხადებს, რომ ხელისუფლება არ ასრულებს ევროკომისიის პირობებს, რომლებიც, ერთი მხრივ, 2024 წლის 26 ოქტომბერს თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული არჩევნების ჩასატარებლად, ხოლო, მეორე მხრივ, წლის ბოლოს ევროკავშირთან მოლაპარაკებების დაწყების სტადიაზე გადასასვლელად არის საჭირო.

მათი თქმით, ამის მაგალითია საარჩევნო კოდექსში მიღებული ცვლილებები, რომელიც TI-ის შეფასებით, უგულებელყოფს ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის რეკომენდაციებს ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევასთან დაკავშირებით და შესაბამისად, წინააღმდეგობაშია ევროკომისიის 9 დათქმასთან.

„მივესალმებით პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ვეტო დაადოს ამ ცვლილებებს და ვიმედოვნებთ, რომ მოტივირებული შენიშვნებით პარლამენტისთვის უკან დაბრუნებულ კანონპროექტში სრულად იქნება ასახული ვენეციის კომისიის რეკომენდაციები. მმართველ უმრავლესობას კი მოვუწოდებთ რეალური საარჩევნო რეფორმის ჩატარების ეს შანსი ამჯერად მაინც არ გაუშვას ხელიდან, რათა ქვეყანამ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება შეძლოს და არ დაბრკოლდეს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე.

2023 წლის 15 დეკემბერს საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღო იმ დათქმით, რომ ქვეყანა შეასრულებს ევროკომისიის მიერ განსაზღვრულ  9 მოთხოვნას.

ევროკომისიის მოთხოვნები

საარჩევნო გარემოსთვის უზრუნველყოფილი უნდა იყოს თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული საარჩევნო პროცესი და სრულად უნდა იქნეს შესრულებული ეუთო/ოდირის რეკომენდაციები, რომელთა შორისაა:

  • საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესის შეცვლა ერთი პარტიის დომინაციის აღსაკვეთად;
  • ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებასთან საბრძოლველად სამართლებრივი და ინსტიტუციური ჩარჩოს გაუმჯობესება;
  • მაღალი რანგის თანამდებობის პირების, მათ შორის, მერების მიერ წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის რეგულირება;
  • საარჩევნო კომისიების მხრიდან საჩივრების სათანადოდ განხილვის უზრუნველყოფა;
  • შესაბამისი უწყებების მხრიდან სწრაფი და ქმედითი ზომების მიღება დაშინების, იძულების და ხმების მოსყიდვის შესახებ ბრალდებების გამოსაძიებლად და სხვ.

საქართველოს ხელისუფლების საპასუხო ღონისძიებები

ევროკომისიის რეკომენდაციების საპასუხოდ, საქართველოს მთავრობამ განსახორციელებელი ღონისძიებების გეგმა დაამტკიცა, რომელიც საარჩევნო საკითხებზე მხოლოდ ისეთ სამ აქტივობას ითვალისწინებს, რომლებიც ძირითადად რეკომენდაციების შეუსაბამო და არასაკმარისია:

  • 2024 წლის არჩევნებზე ეუთო/ოდირი-ს გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის მოწვევა;
  • ხელისუფლების შესაბამის ორგანოებსა და სადამკვირვებლო ორგანიზაციებს შორის ეფექტიანი თანამშრომლობისთვის სამუშაო ფორმატების შექმნა;
  • პარტიების დაფინანსების საკითხზე შესაბამის კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანა, კერძოდ:
    • პარტიებისთვის იურიდიული პირების შემოწირულებების აკრძალვა;
    • პარტიებისთვის წლიური ხარჯების ზედა ჭერის შემცირება.

26 თებერვალს დარეგისტრირდა ქართული ოცნების დეპუტატების საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ასევე აცდენილია ევროკომისიის მოთხოვნებს და ითვალისწინებს ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის მიმართვის საფუძველზე საჯარო რეესტრის მიერ პარტიის რეგისტრაციის გაუქმებას,  ხოლო პარტიის დარჩენილი ქონების სახელმწიფო ხაზინისთვის გადაცემას იმ შემთხევავაში, თუ პარტია ბიუროს 2 წლის განმავლობაში არ წარუდგენს ფინანსურ დეკლარაციას.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ შეფასება

ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად საარჩევნო კანონმდებლობის და პრაქტიკის კომპლექსური და ღრმა რეფორმაა საჭირო, რომლის ფარგლებშიც გათვალისწინებული უნდა იქნეს ევროკომისიის მოთხოვნები და ეუთო/ოდირის და ვენეციის კომისიის ყველა ძირითადი რეკომენდაცია. მნიშვნელოვანია ამ მიმართულების რაც შეიძლება სწრაფად გადაიდგას ნაბიჯები.

პარტიის გაუქმების შესახებ ინიციტივა მიგვაჩნია არაკონსტიტუციურად, რადგან პარტიის გაუქმება მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია და მხოლოდ ამომწურავად განსაზღვრული საფუძვლებით.

პარტიების დაფინანსების კანონმდებლობაში ცვლილებები, რომელიც იურიდიული პირების შემოწირულებებს კრძალავს და პარტიების წლიური ხარჯების უფრო დაბალ ზღვარს (მშპ-ს 0.05%-დან 0.04%-მდე) ადგენს, სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯებია, თუმცა, არასაკმარისია და მნიშვნელოვანი ეფექტი არ ექნება“, – აცხადებს ორგანიზაცია.