„ტ***ი შეწიე! წადი, ვარდისფერები გამოიცვალე!“ - წულუკიანის ქმრის შეურაცხმყოფელი პოსტი მელიაზე

პუბლიკა

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის, თეა წულუკიანის ქმარმა, ნუგზარ კაკულიამ, რომელსაც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თანამდებობა უკავია, თბილისის მერობის კანდიდატის, ნიკა მელიას შესახებ ფეისბუქზე შეურაცხმყოფელი და ჰომოფობიური შინაარსის პოსტი გამოაქვეყნა.

კაკულიამ მელიას ვიდეო გადააზიარა, რომელშიც ოპოზიციონერი პოლიტიკოსი „ფორმულას“ ეთერში წულუკიანის შესახებ საუბრობს.

„90-იანებში თითო საძმოს ჰყავდა თავისი ქალი წევრი, რომელიც ყველაფრის მკადრებელი იყო… ამ ქალბატონებს მახსენებს წულუკიანი“, – თქვა მელიამ. ამ სიტყვებს მოჰყვა ნუგზარ კაკულიას ჰომოფობიური და შეურაცხმყოფელი Facebook-პოსტიც.

„ისიც მოყევი, შენნაირ კაცებს 90 იანებში როგორ ექცეოდნენ. ტ***ი შეწიე, წელში გაიმართე და წადი, ვარდისფერები გამოიცვალე“, – წერს კაკულია. 


წულუკიანმა 22 ივლისს „მთავარი არხის“ ჟურნალისტს მიკროფონი წაართვა, შემდეგ კი Facebook-ზე დაწერა, რომ მის დაბრუნებას არ აპირებს.

ჟურნალისტი ემა გოგოხია ამბობს, რომ თეატრის დარბაზში მყოფი მინისტრი შალვა პაპუაშვილის მხრიდან პარლამენტის დარბაზიდან თინა ბოკუჩავას ძალით გაყვანაზე დასმულმა შეკითხვამ გააღიზიანა. ამის შემდეგ მან ჟურნალისტს მიკროფონი ძალით წაართვა.

მოგვიანებით ჟურნალისტმა პოლიცია გამოიძახა და განაცხადა, რომ წულუკიანმა ტელეკომპანიის კუთვნილი მიკროფონი წაართვა და აღარ აბრუნებდა.