„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი თინა ბოკუჩავა პოლიტსაბჭოს სხდომას, რომელიც 30 ივლისს გაიმართა, ეჭვქვეშ აყენებს და ამბობს, რომ სხდომაზე კვორუმი არ იყო, შესაბამისად, სხდომას გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება არ ჰქონდა.
პოლიტსაბჭოს სხდომას თინა ბოკუჩავა არ ესწრებოდა. მისი ინფორმაციით, ასევე არ ესწრებოდნენ მისი მოადგილეები და „ძალიან მნიშვნელოვანი რეგიონული ლიდერები“.
„სხდომაზე იმყოფებოდა 40-მდე ადამიანი, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს სხდომა არ იყო საერთოდ უფლებამოსილი, იმიტომ რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭო შედგება 130 ადამიანისგან. უნდა იყოს კვორუმი, რომ სხდომა იყოს უფლებამოსილი გადაწყვეტილებების მისაღებად, მათ შორის, ყრილობის თარიღის ჩასანიშნად და შესაბამისი დელეგატების განსასაზღვრად და ყველა იმ პროცედურის დასადგენად, რომელიც აუცილებელია იმისთვის, რომ ყრილობა ყველა წესით და კანონის დაცვით იყოს მოწვეული.
თუ არალეგიტიმური პოლიტსაბჭოს სხდომის საფუძველზე ხდება ყრილობის მოწვევა, ეს ძალიან დიდი გამოწვევების და ძალიან დიდი საფრთხის წინაშე აყენებს პარტიას. კვორუმით მანიპულირება და პოსტფაქტუმ ხელმოწერების შეგროვება და იმის მტკიცება, თითქოს კვორუმი სხდომაზე ფიზიკურად არ მყოფი და დისტანციურად ჩართული ადამიანებით შედგა, ძალიან ჰგავს იმ „ქოცურ“ მეთოდებს, რომლითაც ივანიშვილი ოპერირებს ბოლო 14 წლის განმავლობაში“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ TV პირველის ეთერში.
პოლიტსაბჭოს სხდომაზე გადაწყდა, რომ პარტიის ყრილობა 5 აგვისტოს, 15:00-ზე ჩატარდება.
ყრილობაზე აირჩევენ პარტიის დროებით თავმჯდომარეს, ასევე შეიქმნება საორგანიზაციო ჯგუფი, რომელიც 6-თვიან გარდამავალ პერიოდში პარტიაში გასატარებელ რეფორმებზე იმუშავებს, ასევე შეიქმნება „რეფორმატორების საბჭო“, რომელსაც, არსებული ინფორმაციით, ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი უხელმძღვანელებს.
თინა ბოკუჩავას თქმით, მას შეკითხვები აქვს, რაზეც კომუნიკაცია ჰქონდა პარტიის გენმდივანთან, პეტრე ცისკარიშვილთან. მისი თქმით, ყრილობაზე დასწრება ამ შეკითხვების მოხსნაზეა დამოკიდებული.
„ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი TV პირველს ეუბნება, რომ თინა ბოკუჩავა არასწორ ინფორმაციას ავრცელებს.
მისი თქმით, პოლიტსაბჭოში არა 130, არამედ 119 ადამიანია და კვორუმი იყო.
ცისკარიშვილის თქმით, ყრილობას აგვისტოში იმიტომ ატარებენ, რომ თინა ბოკუჩავამ თბილისში დაბრუნება მოახერხოს.
„წესით ჩვენ 8 ივლისს რომ გაგვივიდა ვადა, იქიდან მოყოლებული ვგეგმავდით ყრილობას და უწევდა ივლისის ბოლოს. დაგვირეკა [ბოკუჩავამ], გვითხრა, 3 აგვისტომდე ქალაქში არ ვარ და იქნებ ისე გავაკეთოთ, რომ 4-5-დან ჩატარდეს ყრილობაო და დავეთანხმეთ და დაველოდეთ… ქალაქგარეთ რომ არის, ყველა ქალაქგარეთიდან ჩამოვიდა [პოლიტსაბჭოზე]“, – განაცხადა ცისკარიშვილმა.
თინა ბოკუჩავას განცხადებას გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ანა წითლიძეც.
„ამ ჩემს მრავალჭირგამოვლილ, ნაბრძოლ პარტიას ბევრი რამ უნახავს, მაგრამ თანამდებობის შენარჩუნების ასეთი უბადრუკი მცდელობა ნამდვილად პირველად ვნახე.
როდესაც ზღვაზე დასვენება უფრო დიდი პრიორიტეტია, ვიდრე პოლიტიკური პატიმრები, მიხეილ სააკაშვილის მოწოდება და ბრძოლა, ან პოლიტიკური საბჭოს სხდომა, ხოლო მთელი ენერგია პოლიტიკური საბჭოს სხდომის კვორუმის დათვლაზე იხარჯება, ეს ბევრ რამეზე მეტყველებს.
სამწუხაროა. ძალიან არ მინდა უფრო მეტის თქმა და ნუ მაიძულებთ. თორემ ესეც შეგვიძლია. ღირსეულად უნდა შეგეძლოს პოლიტიკოსს წასვლაც“, – წერს ანა წითლიძე.
17 ივნისს, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა განცხადება და თქვა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობისთვის მისი კანდიდატი ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანია.
მანამდე მან ერთი კვირით ადრე, 10 ივნისს დაწერა, რომ ერთობლივად შეთანხმდნენ პარტიაში ნანუკა ჟორჟოლიანისა და მისი გუნდის შემოერთებაზე.
სააკაშვილის ეს განცხადება მოულოდნელი აღმოჩნდა პარტიის მოქმედი თავმჯდომარისთვის, თინა ბოკუჩავასთვის. მისი თქმით, წინა კვირას გამოქვეყნებული პოსტით მან სააკაშვილისგან მხარდაჭერა მიიღო და ამისთვის მადლობაც გადაუხადა.
თინა ბოკუჩავას უფლებამოსილების ვადა 8 ივლისს ამოეწურა.
ნანუკა ჟორჟოლიანმა 31 ივლისს განაცხადა, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობას არ განიხილავს.