ჟორჟოლიანი: თუ სააკაშვილი იქნება პრემიერობის კანდიდატი, მე ვიქნები მისი ეფექტური მენეჯერი

პუბლიკა

ნანუკა ჟორჟოლიანის თქმით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობას არ განიხილავს, რადგან მიაჩნია, რომ პარტიის თავმჯდომარე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატიც უნდა იყოს.

მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა, ბოკუჩავას არდასწრება, დაგეგმილი რეფორმები და მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური მომავალი განიხილა.

„მე ვთქვი, რომ არ ვიქნები პარტიის თავმჯდომარე. ჩემი აზრია, რომ თუ ხარ პარტიის თავმჯდომარე, უნდა იყო პრემიერობის კანდიდატი. მე არ ვიქნები პრემიერობის კანდიდატი. თუ მიხეილ სააკაშვილი იქნება პრემიერობის კანდიდატი, მე ვიქნები მისი ძალიან ეფექტური მენეჯერი. ახლა პარტიისგან დამოუკიდებლად შევქმნი ისეთ დღის წესრიგს, რომელიც, ჩემი აზრით, უნდა იყოს პარტია – ისეთ დღის წესრიგს, როგორი პარტიისთვისაც მე მივცემდი ხმას“, – თქვა ნანუკა ჟორჟოლიანმა.

მისივე განცხადებით, საკუთარ მომავალს პარტიაში დაგეგმილ რეფორმებს უკავშირებს და აღნიშნა, რომ მათი შეუსრულებლობის შემთხვევაში საკუთარ თავს პარტიაში ვერ ხედავს.

„მე მინდა მჯეროდეს, რომ ის რეფორმები, რაზეც მე და მიშა წერილობით ვსაუბრობთ, შესრულებადია. თუ ის რეფორმები ვერ შესრულდება, ჩემ თავს პარტიაში ვერ დავინახავ. პარტია უნდა გახდეს მოქნილი. მნიშვნელოვანია რას ასხივებს პარტიის წევრი, მზადყოფნაშია თუ უბრალოდ განცხადებებს აკეთებს. მე ამ რეფორმების გარეშე არ შევალ“, – თქვა მან.

ჟორჟოლიანმა მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ მომავალზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია, ის ქართულ პოლიტიკაში ქართველი პოლიტიკოსის სტატუსით დაბრუნდეს და პარტიის ლიდერობისთვის იბრძოლოს.

„ჩვენ გვინდა, რომ ის იყოს ქართველი პოლიტიკოსი. მან უნდა მოითხოვოს ქართული პასპორტი, მიცემენ თუ არა, ეს მაინც უნდა დადგეს დღის წესრიგში. მან უნდა იბრძოლოს იმისთვის, რომ პარტიაში იყოს ლიდერი და შემდეგ წარმდგენი ამ პარტიის“, – ამბობს ნანუკა ჟორჟოლიანი.

მან ილაპარაკა თინა ბოკუჩავაზეც და თქვა, რომ მის მიმართ სინდისის ქენჯნას არ გრძნობს, რადგან სწორედ ის იყო ადამიანი, რომელიც ბოკუჩავას პარტიის ხელმძღვანელ პოზიციაზე დარჩენას უჭერდა მხარს.

ნანუკა ჟორჟოლიანმა თქვა, რომ სწორედ ის ემხრობოდა თინა ბოკუჩავას პარტიის ხელმძღვანელ პოზიციაზე დარჩენას.

„მე სინდისის ქენჯნა ვერ მექნება, რადგან მე ვარ ის ადამიანი, ვისაც შესთავაზეს თავმჯდომარეობა, რომელმაც თქვა უარი თინას ვადის გასვლის შემდეგ და თქვა, რომ თავმჯდომარე თინა უნდა ყოფილიყო. მიუხედავად იმისა, რომ პარტიაში ეს მოსაზრება საერთოდ არ გაიზიარეს პოზიტიურ კონტექსტში. ამას მოჰყვა წინააღმდეგობა, რადგან ფიქრობდნენ, რომ ვადის ამოწურვა საკმარისი იყო იმისთვის, რომ პარტიას ახალი ადამიანისთვის მიეცა შანსი. თინამ იცის, რომ ჩემი მცდელობები მაქსიმალურად შედეგზე იყო ორიენტირებული“, – განაცხადა მან.

მისივე თქმით, რამდენიმე დღის განმავლობაში პარტიის წევრებთან კომუნიკაცია და მათი დარწმუნება თავად უწევდა, რის გამოც კრიტიკაც მიიღო.

„მე ვიყავი ის ადამიანი, რომელმაც არა მხოლოდ სცადა, არამედ მოუწია რამდენიმე დღე ენერგიის, რესურსის დახარჯვა, ადამიანებთან კომუნიკაცია, ვიღაცების დარწმუნება, რომ ეს სწორია. მე მომიწია ადამიანების წყენების მოსმენა ჩემთან დაკავშირებით, რომ არ ვიქცეოდი სწორად. შესაბამისად, მე სინდისის ქენჯნა არ მექნება. თანათავმჯდომარეობაზე ვამბობდი, რომ ის უნდა დარჩენილიყო იმ პოზიციაზე, ვეძახე ჩემზე ლამაზი, ჩემზე ჭკვიანი. გულწრფელად ასე ვფიქრობდი. ამიტომ, თინასთან დაკავშირებით არ მაქვს სინდის ქენჯნა. ეს არ იყო ჩემს მიერ ჩაშლილი მოლაპარაკება, ეს იყო ის, რაზეც მან თქვა უარი. მე ნამუსთან, სინდისთან და, რაც მთავარია, ქალურ სოლიდარობასთან, მართალი ვარ“, – ამბობს ნანუკა ჟორჟოლიანი.

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს სხდომა გუშინ, 30 ივლისს გაიმართა და დაინიშნა ყრილობის თარიღი – 5 აგვისტო. შეხვედრას არ დასწრებია მოქმედი თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა.

ნანუკა ჟორჟოლიანის თქმით, პოლიტსაბჭოს სხდომამდე პარტიის წევრებთან გადაამოწმა, იცოდა თუ არა თინა ბოკუჩავამ სხდომის თარიღი და მიიღო პასუხი, რომ ის ინფორმირებული იყო.

„დარწმუნებული ვიყავი და ვთქვი კიდევაც, რომ თინას მიზეზი ექნებოდა და მე ეჭვიც არ მეპარება. პატარა ბავშვებთან რეგიონში გასვლა, ვთვლი, რომ არის ხელშემშლელი პირობა იმისთვის, რომ მარტივად ვერ მოახერხო დედაქალაქში წამოსვლა. მაინტერესებდა, იცოდა თუ არა მან თარიღი, იყო თუ არა საქმის კურსში ჩაყენებული და მითხრეს, რომ კი, იცის. არ იცოდნენ, სად მიდიოდა – თუ ქვეყნის გარეთ გავა, ჩვენ მას დაველოდებით, მაგრამ თუ ქვეყნის შიგნით იქნება, ერთი დღე მოუწევს ჩამოსვლა და მაშინ ჩავნიშნავთ ამ პოლიტსაბჭოს შეხვედრას. შემდეგ როგორ განვითარდა მათი ურთიერთობა, მე არ მომიკითხავს“, – განაცხადა ჟორჟოლიანმა.