თორნიკე მამალაძე: პატრიარქმა და პრეზიდენტმა სპექტაკლი დადგეს

პუბლიკა

პრეზიდენტის მიერ გიორგი მამალაძის შეწყალებაზე უარის თქმას, მსჯავრდებულის ძმა თორნიკე მამალაძე გამოეხმაურა. მამალაძის თქმით, სალომე ზურაბიშვილს ეს გადაწყვეტილება დამოუკიდებლად არ მიუღია და პატრიარქის პოზიცია გაითვალისწინა.

„მე მაქვს ინფორმაცია, თუმცა ამ წუთამდე თავს ვიკავებდი ამ კომენტარისგან, რომ თავად კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სალომე ზურაბიშვილს პირად საუბრებში უარი უთხრა. გამომდინარე იქიდან, რომ წმინდა სინოდზე იქნა მიღებული გადაწყვეტილება და მისმა წევრებმა პრეზიდენტისადმი შუამდგომლობა გაგზავნეს – ეს იყო ფარსი, კათოლიკოს-პატრიარქმა წმინდა სინოდის წევრებიც კი მოატყუა და თითოეულ მათგანს ლაფი დაასხა თავზე, მან მოატყუა მთელი საზოგადოება და ეცადა პასუხისმგებლობიდან გათავისუფლებას და დადგეს სპექტაკლი, რა სპექტაკლშიც მიიღეს მონაწილეობა კათოლიკოს-პატრიარქმა და პრეზიდენტმა. ძალიან კარგად გამოუვიდათ ეს, რადგან კარგი მსახიობები არიან.

სალომე ზურაბიშვილის გადაწყეტილება არ არის დამოუკიდებელი და თავიდანვე ჩანდა, რომ ის ვერ იქნებოდა დამოუკიდებელი. ეს გადაწყვეტილება, რომ ჩემი ძმა ისევ პატიმრობაში რჩება, ეს არის არა სინოდის ან მისი რომელიმე წევრის, არამედ პირადად კათოლიკოს-პატრიარქის გადაწყვეტილება. მას ეშინია ჩემი ძმის, რადგან მის მიმართ აქვს დანაშაულები და იცოდა, რომ გათავისუფლების შემდეგ ჩემი ძმა სინოდის სხდომაზე ან საჯაროდ იტყოდა ამის შესახებ“, – განაცხადა თორნიკე მამალაძემ.

საშობაოდ საქართველოს პრეზიდენტმა შეწყალების აქტი გამოსცა და ხუთი მსჯავრდებული შეიწყალა, რომელთა შორის ვერ მოხვდა გიორგი მამალაძე. მიუხედავად იმისა, რომ სალომე ზურაბიშვილს 31 ოქტომბერს სინოდის სხდომის შემდეგ მისმა წევრებმა მამალაძის შეწყალების შუამდგომლობით მიმართეს.

პრეზიდენტის თქმით, ეს არის მისი პირადი გადაწყვეტილება და გამომდინარეობს პატრიარქისადმი როგორც მისი პირადი, ისე პრეზიდენტის დამოკიდებულებიდან. ეკლესია და სახელმწიფო ზურაბიშვილის თქმით, გადაჯაჭვულია და ეკლესიის წინამძღვარზე შეტევა, რომელმაც უდიდესი როლი ითამაშა საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებასა და ეკლესიის აღორძინებაში, დაუშვებელია.

თუმცა, ყოფილ დეკანოზს პროკურატურა არა პატრიარქის, არამედ მისი მდივან-რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებას ედავებოდა. მამალაძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ 2017 წლის 5 სექტემბერს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. სასამართლომ გიორგი მამალაძე პატრიარქ ილია მეორის მდივან–რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაში სცნო დამნაშავედ. გიორგი მამალაძე ბრალს არ აღიარებს.