აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი Truth Social-ზე რუსეთისა და უკრაინის დღევანდელ განცხადებებს ეხმაურება.
ტრამპი ამბობს, რომ პუტინს არ სურს უკრაინასთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და უკრაინა დაუყოვნებლივ უნდა დათანხმდეს 15 მაისს თურქეთში შეხვედრას.
მისი თქმით, მას ეჭვი ეპარება, რომ უკრაინა პუტინთან მოლაპარაკებას შეძლებს.
„რუსეთის პრეზიდენტ პუტინს არ სურს უკრაინასთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, არამედ სურს შეხვედრა გამართოს ხუთშაბათს თურქეთში, რათა მოლაპარაკება მოხდეს სისხლისღვრის შესაძლო დასრულების შესახებ. ამას უკრაინა დაუყოვნებლივ უნდა დათანხმდეს. სულ მცირე, ისინი შეძლებენ, განსაზღვრონ შესაძლებელია თუ არა მოლაპარაკება და თუ ეს ასე არ არის, ევროპელ ლიდერებს და აშშ-ს, ეცოდინებათ, რა მდგომარეობაა და შეეძლებათ შესაბამისად განაგრძონ!
მე უკვე ეჭვი მეპარება, რომ უკრაინა მოლაპარაკებას შეძლებს პუტინთან, რომელიც ზედმეტად დაკავებულია მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების ზეიმით, რომლის მოგებაც არ გამოვიდოდა ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე (ახლოსაც ვერ მივიდოდა!). გამართეთ შეხვედრა, ახლავე!“ — წერს ტრამპი.
ვლადიმერ პუტინმა გუშინ თქვა, რომ უკრაინას სტამბოლში პირდაპირი მოლაპარაკებების უპირობო განახლებას სთავაზობს.
პუტინს ზელენსკიმ უპასუხა და თქვა, რომ უკრაინა მზად იქნება რუსეთთან მოლაპარაკებების განახლებისთვის, თუ ის ხვალიდან, 12 მაისიდან, ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდება.
ზელენსკის განცხადებას გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი, მარია ზახაროვა, რომელმაც თქვა, რომ უკრაინამ პუტინის ნათქვამი არასწორად გაიგო და ცეცხლის შეწყვეტაზე საუბარი არ შედგება, სანამ „კონფლიქტის ძირითად მიზეზებზე“ არ გაიმართება მოლაპარაკება.
ასევე, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა, რომ მზადაა სტამბოლში რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებებს ორგანიზება გაუწიოს.