ტრანსგენდერი ქალი სამხედრო კომისარიატში დაიბარეს

პუბლიკა

20 წლის ტრანსგენდერმა ქალმა ანასტასია აგიაშვილმა ზუგდიდში მყოფი ნათესავებისგან 4 ნოემბერს შეიტყო, რომ სამხედრო კომისარიატშია დაბარებული. საქმის შესწავლა სახალხო დამცველის აპარატში უკვე დაიწყეს.

მოქალაქეებს სამხედრო სამსახურში იწვევს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, სადაც „პუბლიკას“ განუცხადეს, რომ მსგავს შემთხვევაში წვევამდელი ადგილობრივ კომისარიატში ცხადდება, დგება ოქმი და პირი თავისუფლდება პასუხისმგებლობისგან.

როგორც ანასტასია „პუბლიკასთან“ ამბობს, ის ზუგდიდში ვერ დაბრუნდება, რადგან შიშობს, რომ მოკლავენ, ან ფიზიკურად გაუსწორდებიან.

„ჩემი რამდენიმე ბიძა, რომლებსაც ქურდული მენტალიტეტი აქვთ, როცა გაიგებენ რომ მიწევს ჩასვლა, 24 საათი კართან იქნებიან მობილიზებულები. როგორც კი მნახავენ, ძალიან ცუდად დასრულდება ჩემი მანდ ჩასვლა, ტრანსგენდერი თბილისში უკვირთ და ზუგდიდში რა მოხდება ხომ წარმოგიდგენიათ. ვერც პოლიცია მიშველის, ვერც კომისარიატი“, – ამბობს ანასტასია აგიაშვილი.

WISG-ის იურისტი, ქეთი ბახტაძე ამბობს, რომ ამ პრობლემის მთავარი მიზეზი ის არის, რომ ქვეყანაში გენდერის სამართლებრივი აღიარების მექანიზმი არ არსებობს.

„ამ მიმართულებით სახელმწიფოს არ აქვს დაგეგმილი არც ერთი ღონისძიება. მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში ვცდილობთ, რომ ეს მექანიზმი რამე ფორმით შევაქმნევინოთ, ადამიანის უფლებათა სამოქმედო გეგმაში არ არის გათვალისწინებული არც ერთი ღონისძიება, რომელიც ამ პრობლემას დაინახავს, – ამბობს ბახტაძე.

ქეთი ბახტაძე მიიჩნევს, რომ ამ საკითხზე მხოლოდ იუსტიციის სამინისტრო არ არის პასუხისმგებელი უწყება.

„ბოლო ინფორმაცია რაც გვაქვს იუსტიციისგან არის ის რომ ეს მარტო ჩვენი გადასაწყვეტი არ არის და ამას სჭირდება პოლიტიკური ნებააო. ეს არის მათი საბოლოო პასუხი.  ჩვენი მთავარი მოთხოვნა სამდივნოს ეხება,  რომელსაც ევალებოდა დაეწერა ადამიანის უფლებათა სამოქმედო გეგმაში იუსტიციის სამინისტროს ვალდებულება, მათ შორის, რომ შექმნილიყო ეს მექანიზმი, პარლამენტის ვალდებულება – მიეღო კანონი. ამდენად ადამიანის უფლებათა სამდივნო, პრემიერის აპარატი და კანცელარია უფროა პასუხისმგებელი ასეთ შემთხვევაში. ოფიციალურად არცერთ დოკუმენტში არ არის აღირებული,  რომ ეს პრობლემა უდგას სახელმწიფოს და ამ ხალხს საერთოდ ვერ ხედავს სისტემურად. მთავარი პრობლემა ეს გვაქვს, “ – ამბობს ქეთი ბახტაძე.