თსუ-ში სტუდენტები მორიგ საპროტესტო აქციას მართავენ და რექტორთან შეხვედრას მოითხოვენ

პუბლიკა

თსუ-ის სტუდენტები უნივერსიტეტის პირველ კორპუსში მორიგ საპროტესტო აქციას მართავენ და რექტორთან შეხვედრას მოითხოვენ.

როგორც თავად ამბობენ, პროტესტს მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე არ შეწყვეტენ.

სტუდენტები სწავლის შერეულ რეჟიმზე (აუდიტორია, პლუს დისტანციური) უარსა და რექტორისა და ადმინისტრაციის დამოკიდებულებას უკვე რამდენიმე კვირაა, აპროტესტებენ.

თსუ-ში 2 მაისიდან (ანუ დარჩენილი ნახევარი სემესტრი) უნივერსიტეტის გადაწყვეტილებით, სასწავლო პროცესი სრულად აუდიტორიაში გადავიდა.

სტუდენტები მოითხოვენ, რომ დარჩენილ პერიოდშიც იყოს შესაძლებლობა, სურვილის შემთხვევაში, დისტანციურად ისწავლონ, ვინაიდან აუდიტორიაში დაბრუნება ბევრისთვის უამრავ სოციალურ-ეკონომიკურ ბარიერთანაა დაკავშირებული, რომლის მოგვარებაც სტუდენტებისთვის მიცემულ პერიოდში ვერ მოხდება.

მათი თქმით, რეგიონში მცხოვრები სტუდენტები 2 თვის გამო ჩამოსვლას ვერ ახერხებენ, აწყდებიან ბევრ ბარიერს გაძვირებული ქირის გამო. სტუდენტები დღის წესრიგში ასევე აყენებენ უნივერსიტეტში საბინაო პოლიტიკის მოგვარების საკითხსაც.

უნივერსიტეტის განცხადებით, კი სრული სააუდიტორიო სწავლება განათლების ხარისხის გაუმჯობესებისთვის აუცილებელი გადაწყვეტილებაა, რადგან, მათი თქმით, ვერანაირი სხვა ფორმატი – ვერც სრულად დისტანციური და ვერც ჰიბრიდული – ვერ იძლევა სწავლა-სწავლების საჭირო ხარისხს.