„თუ მთავრობა დააანონსებს, რომ ეს არის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა, გამოვალთ“ – მორგოშია

პუბლიკა

5 ივლისის ძალადობრივი აქციის მონაწილე კონსტანტინე მორგოშია ხვალ ოპოზიციის აქციის პარალელურად მხარდამჭერების მობილიზებას აპირებს.

„პუბლიკა“ დაინტერესდა, კონკრეტულად რა გეგმა აქვს კონსტანტინე მორგოშიას, რა შემთხვევაში გამართავს კონტრაქციას და ვინ არიან თანაორგანიზატორები.

კონსტანტინე მორგოშიას თქმით, ხვალ 6 საათზე თანამოაზრეებთან ერთად ის ფიზიკურად თავის ოფისში აპირებს ყოფნას. ტელევიზიით დააკვირდება მოვლენების განვითარებას. პარალელურად, ენმ-ის მიერ ორგანიზებულ აქციაზე ანონიმურად იქნებიან მათი წარმომადგენლებიც, „რათა აქციის მიმდინარეობასა და მის განვითარებაზე სრული სურათი გვქონდეს.“ – განუცხადა „პუბლიკას“ კონსტანტინე მორგოშიამ.

მისივე თქმით, მობილიზებული ჰყავთ 4-5 ათასამდე ადამიანი და, საჭიროების შეთხვევაში, ეს ადამიანები ერთ საათში გავლენ რუსთაველზე. მორგოშია ამბობს, რომ რუსთაველზე გავლენ იმ შემთხვევაში, „თუ ნაციონალური მოძრაობის მიტინგი გადაიზრდება დესტრუქციაში, დაიწყება ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები და მთავრობა დაანონსებს, რომ ეს არის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა.“ – ამბობს მორგოშია.

„მობილიზებული გვყავს რამდენიმე ათასი ადამიანი, რომლებიც მზადყოფნაში არიან საწვავით, ავტოტრანსპორტით და ყველაფრით… და იმ შემთხვევაში, თუ „ნაციონალური მოძრაობის“ მიტინგი გადაიზრდება დესტრუქციაში, დაიწყება ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები და მთავრობა დაანონსებს რომ ეს არის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა, ამ შემთხვევაში, ჩვენ გამოვალთ ქუჩაში. თავიდანვე მიმდებარედ არავინ იქნება, იქიდან გამომდინარე, რომ არ დაგვაბრალონ სახალხო დაპირისპირება.“ – ამბობს მორგოშია.

მისი თქმით, ორგანიზატორი მხოლოდ ის არაა და, ძირითადად, ალტ-ინფოსთან აფილირებული ადამიანების ორგანიზებულია ეს პროცესი.

„ორგანიზატორია ყველა – ხალხი, ერთობა, ის ხალხი, ვინც წლიდან წლამდე არ ვიღებთ არჩევნებში მონაწილეობას. არავინ არ არის ორგანიზატორი. ერთმანეთს მივწერეთ ჩატებში. ძირითადად, ალტ-ინფოსთან აფილირებული ხალხია.“ – ამბობს მორგოშია.

შეკითხვაზე, რა უჯდებათ ამ ხალხის მობილიზება, ვინ აფინანსებს მათ და, ასევე, საიდან აქვთ ინფორმაცია სახელმწიფო უწყებების შესაძლო შტურმზე გვიპასუხა:

„დიდი არაფერი არ ჯდება, სიმართლე რომ გითხრა. თვითონ გააკეთეს ორგანიზება იმიტომ, რომ მარტო ჩვენ არ გვაქვს ქვეყნის სიყვარულის ექსკლუზივი. სხვებსაც აქვთ, უბრალოდ, კოორდინაციაში არიან ჩვენთან.
ინფორმაციები მოგვდის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები აპირებენ სახელმწიფო შენობებში შეჭრას.
ვერ დავადასტურებ, მაგრამ ეს ინფორმაცია გვაქვს. ვიმედოვნებთ, ძალოვანი სტრუქტურები იქნებიან მოწოდების სიმაღლეზე, მაგრამ მაინც თავს ვიზღვევთ“. – ამბობს მორგოშია.

ხვალ 6 საათზე რუსთაველზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და ოპოზიციის ნაწილის ორგანიზებით აქცია გაიმართება. აქცია ერთი კვირის წინ დააანონსა ენმ-ის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ. აქციაზე მელია ამბობდა, რომ არჩევნები გაყალბდა. აქციის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა მიხეილ სააკშვილის გათავისუფლებაა.