„თუ ოპოზიციას სურს საქმეზე რეალური დებატები, ამის ადგილი პარლამენტია" - ღარიბაშვილი

პუბლიკა

მთავრობის სხდომის დაწყებამდე ირაკლი ღარიბაშვილმა არჩევნების შედეგები შეაფასა და აღნიშნა, რომ ეს იყო ისტორიული არჩევნები.

„დღეიდან მხოლოდ საქმეზე გავაკეთებთ კონცენტრირებას. მე მინდა მინისტრებს საჯაროდ განვუცხადო, რომ დღეიდან მხოლოდ საქმეზე უნდა ვისაუბროთ და ის დაპირება, ის პროექტები, რომლებზეც არჩევნების კამპანიის დროს ვსაუბრობდით, მხოლოდ ამ პროგრესზე უნდა გვქონდეს საუბარი მოსახლეობასთან“, – განაცხადა ღარიბაშვილმა. მისი თქმით, არჩევნები სანიმუშოდ ორგანიზებული იყო.

მისივე თქმით, ეს არჩევნები ოპოზიციისთვის რთული იყო, რადგან მარცხით მორიგი გაკვეთილი მიიღეს.

„ოპოზიციისთვის რთულად მისაღები მორიგი მარცხი იყო. როცა 8-ჯერ ხალხი უარს გეუბნება და მარცხდები, ეს უნდა იყოს მორიგი გაკვეთილი მათთვის. ჩვენ გვექნება მხოლოდ საქმეზე საუბარი მოსახლეობასთან.

 ჩვენ ახლა გვაქვს სამი წელი მშვიდობიანი განვითარების პერიოდი. კიდევ ერთხელ მინდა, მოვუწოდო ყველას, მათ შორის ოპოზიციას, რომ ეს კარგად გავაცნობიეროთ, დადგა დრო, რომ პირადი პარტიული ინტერესები არ დავაყენოთ ქვეყნის ინტერესებზე მაღლა. თუ ოპოზიციას სურს საქმეზე რეალური დებატები, ამის ადგილი პარლამენტია. ჩვენ მთელი მინისტრთა კაბინეტი, მთავრობა მზად ვართ კონსტრუქციულ რეჟიმში ვითანამშრომლოთ ოპოზიციასთან. ეს ჩვენი საერთო ქვეყანაა. ჩვენი გამარჯვება არის ჩვენი საერთო გამარჯვება. მე პირადად, როგორც პრემიერ-მინისტრს აქტიური მუშაობა მექნება არჩეულ მერებთან“ , –  განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მთავრობის სხდომის დაწყებამდე პარტია „ლელომ“ განცხადება გაავრცელა, სადაც პრეზიდენტ სააკაშვილის შიმშილობის ფონზე ქვეყანაში შექმნილი დაძაბული ვითარების გამო ხელისუფლებას სიტუაციის დეესკალაციის კონკრეტული გზების გამოსაძებნად დიალოგის დაუყოვნებლივ დაწყებას სთავაზობს.