„თუ ორგან მუშაობის მიზეზი არასაკმარისი ანაზღაურებაა, უნდა გავუზარდოთ ანაზღაურება“ - კობახიძე

პუბლიკა

„თუ ორგან მუშაობის მიზეზი არის ის, რომ საკმარისი არაა ადამიანის ანაზღაურება და შემოსავალი, ამ შემთხვევაში უნდა გავუზარდოთ ანაზღაურება“,- ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის შეკითხვას, რომელიც კანონში შეტანილ ცვლილებებს შეეხებოდა.

კერძოდ, კანონის მიხედვით, 1 ნოემბრიდან საჯარო მოსამსახურეები შეთავსებით მუშაობას ხელმძღვანელის თანხმობის გარეშე ვერ შეძლებენ. ჟურნალისტის შეკითხვა შეეხებოდა იმ გარემოებას, რომ ხშირ შემთხვევაში მოქალაქეების რამდენიმე სამსახურში დასაქმების მიზეზი ისაა, რომ ანაზღაურება დაბალია და რამდენიმე სამსახურში მუშაობით მოქალაქეები ცდილობენ საარსებოდ საკმარისი შემოსავალი მიიღონ.

„არის რა თქმა უნდა დეფიციტური პროფესიები და არის შემთხვევები, როდესაც საჯარო სამსახურში ანაზღაურება ვერ პასუხობს ბაზრის მოთხოვნებს, ასეთ პირობებში ჩვენ ფიქტიურად კი არ უნდა დავასაქმოთ ორგან და სამგან, ამ შემთხვევაში უნდა შევთავაზოთ ბაზრის მოთხოვნების შესატყვისი ანაზღაურება – ეს იქნება სწორი პრინციპი და არა ხელოვნურად [სამსახურში] გაფორმება“,- განაცხადა კობახიძემ ჟურნალისტის შეკითხვის პასუხად.

კანონის მიხედვით, საჯარო მოსამსახურეს (გარდა საქართველოს პრეზიდენტისა, საქართველოს პარლამენტის წევრისა და საქართველოს მთავრობის წევრისა) არ აქვს უფლება, ასრულებდეს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს.

საჯარო მოსამსახურე და მოსამართლე ანაზღაურებად სამეცნიერო, პედაგოგიური, შემოქმედებითი საქმიანობის შესრულებას ხელმძღვანელის თანხმობით შეძლებს. თანხმობა ერთჯერადად, ერთი წლის ვადით გაიცემა.