თუ პრეზიდენტი გადაწყვეტს, შეწყალება ძალიან მძიმე დანაშაულსაც უნდა შეეხოს - პრეზიდენტი

პუბლიკა

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „პირველი არხის“ ეთერში განაცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი გადაწყვეტს, შეწყალება ძალიან მძიმე დანაშაულსაც უნდა შეეხოს.

„შეწყალება უნდა შეეხოს ასევე, თუ საჭიროება არის, ძალიან მძიმე დანაშაულებსაც კი, თუკი პრეზიდენტი გადაწყვეტს და ხშირ შემთხვევაში სხვა ქვეყნებში მკვლელებსაც ეხება, ანუ ჩვენ ანგელოზებს და უდანაშაულო ადამიანებს არ ვიწყალებთ და შეწყალება არ ნიშნავს, რომ ადამიანი უდანაშაულო იყო, პირიქით, შეწყალების საფუძველი არის ადამიანის მიერ აღიარება თავისი დანაშაულის“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის განცხადებით, შეწყალების შემდგომ „მეორე სასამართლო“ არ უნდა იმართებოდეს. მისივე თქმით, ეს არის პრეზიდენტის დისკრეციული უფლება, რომლის განმარტებაც არ შეიძლება.

„ეს არც ოჯახებისთვის არ არის სწორი, არც მსჯავრდებულებისთვის და არც დაზარალებული ოჯახებისთვის. აუცილებელია, რომ აქ კონფიდენციალურობა იყოს შენარჩუნებული და ბოლოს და ბოლოს ეს არის დისკრეციული უფლება, რომელზედაც ახსნა არ შეიძლება, განმარტება არ შეიძლება“, – განაცხადა პრეზიდენტმა.


2019 წელს, მარიამობის დღესასწაულზე სალომე ზურაბიშვილმა 34 ადამიანი შეიწყალა, მათ შორის მკვლელობაში მსჯავრდებული რამდენიმე პირი იყო.

ნოემბრის ბოლოს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ შეწყალების ახალ წესზე მუშაობა დაასრულა. მსჯავრდებულთა შეწყალების საქმეს პრეზიდენტისთვის წარსადგენად დაჯილდოების, მოქალაქეობისა და შეწყალების საკითხთა სამსახური მოამზადებს.

LB loan image desktop LB loan image mobile