თუ შემოვიღებთ შეზღუდვებს, უფრო სწორი იქნება, რომ შემოვიღოთ აუცრელებისთვის - ცერცვაძე

პუბლიკა

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ისაუბრა იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს არსებული ეპიდვითარების მართვის პოლიტიკა. ცერცვაძემ აღნიშნა, რომ ინფიცირების შემთხვევების შესამცირებლად მას ორი გზა ესახება – მათგან ერთი მკაცრი შეზღუდვების დაწესებას გულისხმობს, მეორე კი არსებული რეკომენდაციების შესრულების მკაცრ მონიტორინგს.

„ჩვენ გვაქვს ორი გზა, ერთია – შემოვიღოთ შეზღუდვები, უფრო სწორი იქნება, რომ შემოვიღოთ აუცრელთათვის, მაგრამ მაშინვე წავა დისკრიმინაციაზე ლაპარაკი. ჩვენთან კი არა, საფრენგეთსა და ამერკაში რომ სცადეს ეს 50 ათასიანი მიტინგები გაიმართა, ილახება აუცრელების უფლებებიო. აცრილებს შეუშვებ რესტორანში, საკონცერტო დარბაზში, სამოგზაუროდ და აუცრელს – არა, ამას თვლიან დისკრიმინაციად… სხვა ქვეყნებში ამას უფრო უცერემონიოდ აკეთებენ. ტოკიოში ოლიმპიადა მაყურებლის გარეშე მიმდინარეობს და ოლიმპიადის მონაწილე სპორტსმენებს არ აძლევენ ოლიმპიური სოფლის დატოვების უფლებას“, – განაცხადა ცერცვაძემ „რუსთავი 2-ის“ ეთერში.

მისივე თქმით, ჯერჯერობით თვითონ მეორე გზას ემხრობა, რაც გულისხმობს „არსებული რეგულაციების მკაცრ კონტროლს აღსრულებაზე და ზედმიწევნით შესრულებას“.

„მეორე გზაა, რომ გავაგრძელოთ ისე, როგორც ახლაა, ანუ მკაცრი შეზღუდვების გარეშე და ძირითადი დარტყმა აიღოს ისევ კლინიკურმა სექტორმა და ის, რაც ზღვარზეა [საწოლფონდი], მოვახერხოთ და გავაფართოვოთ, ოღონდ ერთი პირობით – ეს არ შეიძლება ისე, როგორც ახლაა, როდესაც არცერთი რეკომენდაცია არ სრულდება. არ შემოვიღოთ მკაცრი ლოქდაუნი, მკაცრი შეზღუდვები, კომენდანტის საათი და სხვა, მაგრამ გავაძლიეროთ მონიტორინგი და კონტროლი არსებული მინიმალური რეგულაციების უპირობოდ შესრულებაზე“, – განაცხადა ცერცვაძემ.