თუ ვინმე ფიქრობს, რომ 100 წელი 49 წლად გადაკეთდება და პრობლემა მოგვარდება, ასე ვერ იქნება - გოლეთიანი

პუბლიკა

„ფაქტია, რომ პრემიერი ამბობს, რომ ასე, ამ პირობებით ვერ გაგრძელდება. ახლა ზუსტად უნდა გვითხრან, რა ცვლილებები შედის“, – ასე ეხმაურება ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე აქტივისტი ვარლამ გოლეთიანი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომ ნამახვანჰესის პროექტი ამ პირობებით არ გაგრძელდება.

მისივე თქმით, ბუნდოვანია, თუ რას გულისხმობს პრემიერი, როდესაც ახსენებს – „100 წელი და ა.შ.“. მისივე თქმით, მიწების საკითხის გარდა, უამრავი სხვა პრობლემაა ხელშეკრულებაში, ზოგადად ენგეროპოლიტიკაში, რასაც აქტივისტები ასევე აყენებენ დღის წესრიგში. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მათ ყველა ამ საკითხის ირგვლივ საუბრის შესაძლებლობა ჰქონდეთ და შემდეგ მოისმინონ პასუხები, რომელი პუნქტები სწორდება აქედან. მისივე თქმით, არ შეიძლება, რომ ეს პროცესი ასე ხელისცეცებით გაგრძელდეს.

„ჩვენთან, როგორც ამ პრობლემის წარმომჩენ ხალხთან, არ გაუვლიათ ეს საკითხები, თუ რა საკითხებს ვაყენებთ დღის წესრიგში. მათი ჭკუით, ყველაფერი კარგად იყო ამდენი ხანი და თუ ახლა პრობლემა ერქმევა საკითხს და პრობლემური ხდება, მაშინ, ბუნებრივია, რომ ჩვენ ჯერ უნდა ვთქვათ ყველა პრობლემა და მერე გვითხრან, რომელი პუნქტი კმაყოფილდება ამ პრობლემებიდან, რა ნაბიჯები იდგმება კონკრეტულად. ასე თქმა, „100 წელი და ა.შ.“…,  უამრავი პუნქტია ამ ხელშეკრულებაში და ზოგადად ენერგოპოლიტიკაში, რომლებსაც დღის წესრიგში ვაყენებთ და როგორ გავიგოთ ჩვენ, რომელს პასუხობენ. მხოლოდ 100 წელზე თუ… ან „ასე შემდეგში“ რა იგულისხმება. არ შეიძლება ეს პროცესი ასე ხელისცეცებით გაგრძელდეს. ამას ვერ მივაღწიეთ ჩვენ ამ ხნის განმავლობაში“, – აღნიშნა გოლეთიანმა.

მისივე თქმით, კარგია აღიარებითი ნაწილი, რომ პროექტთან დაკავშირებით პრობლემებია, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ პრობლემების სრული სპექტრი წარმოჩინდეს.

„ნამდვილად კარგია აღიარებით ნაწილი, რაც აქვს ამ ამბავს – რომ პრობლემაა, რომ ეს პრობლემა მემკვიდრეობით ერგო, რომ ამ პირობებში იმდენად კრიტიკული შეუსაბამობებია, რომ ვერ გაგრძელდება ეს პროექტი. ეს ყველაფერი კარგია, მოგვწონს, მაგრამ პრობლემების სრული სპექტრი უნდა წამოჩინდეს… თუ ჩვენ არ ვთქვით ყველა პრობლემა და არ დავინახეთ ადეკვატური ნაბიჯი, რა შესრულდება ამის შემდეგ, ბუნებრივია, რომ ასე ეს საკითხები ვერ გადაწყდება“, – განაცხადა გოლეთიანმა.

როგორც ის ამბობს, თუ ვინმეს ჰგონია, რომ კომპანიისთვის მიწების გადაცემის წლების შემცირებით პრობლემა მოგვარდება, ეს ასე ვერ მოხდება. მისი თქმით, წლების შემცირება პროექტის ირგვლივ არსებულ პრობლემურ საკითხებს არსებითად საერთოდ ვერ შეცვლის.

„თუ ვინმე ფიქრობს, რომ 100 წელი 49 წლად გადაკეთდება მხოლოდ და ეს იქნება ამ პრობლემის მოგვარება, წინასწარვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არ იქნება ამ პრობლემის გადაჭრა… არ უნდა მოვტყუვდეთ ამ ნაწილში. მე დაწმუნებული ვარ, რომ აქ სწორედ ამ ცვლილებაზეა საუბარი, რომ 100 წელი გადაკეთდეს, რაც არსებითად საერთოდ არაფერს არ ცვლის პროცესში. ზუსტად იგივე მოხდება, რაც გადაუკეთებლადაც იგეგმება ხეობაში. ამას კიდევ სხვა ფორმატი სჭირდება, რომ კარგად ავუხსნათ საზოგადოებას, რატომ არ შეიცვლება ამით რამე კონკრეტულად“, – ამბობს გოლეთიანი.

მისივე თქმით, პრემიერის განცხადებით იკვეთება ის, რომ მთავრობის წევრებს, გუნდს არ აქვს საერთო პოზიცია საკითხთან დაკავშირებით, რომ სხვადასხვა შეფასებით ნაწილში აცდენა აქვთ.

„პირველ რიგში, რაც ამ პატარა გამოსვლიდან იკვეთება, არის ის, რომ არ აქვს თვითონ გუნდს საერთო პოზიცია საკითხთან დაკავშირებით. ვგულისხმობ იმას, რომ, თუ პრემიერისთვის ამდენად კრიტიკულად შეუსაბამოა ის პირობები, რა პირობებითაც გაფორმებული იყო ეს ხელშეკრულება და, რომ ვერ გაგრძელდება პროექტი ამ პირობებში, ასე არ ფიქრობს ეკონომიკის მინისტრი, სხვადასხვა სახელისუფლებო წრეების ესა თუ ის წარმომადგენელი“, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.