„არის გარკვეული პროტესტის გამოხატულება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, პირველ რიგში კომპანიის აქტიურობით, ჩვენი მედიაციით, ეს პროცესი თანდათან მშვიდობიანად განიმუხტება და დალაგდება იმიტომ, რომ მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია“, – ასე გამოეხმაურა ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა ნამახვანჰესის წინააღმდეგ ადგილობრივების თითქმის 1-თვიან უწყვეტ პროტესტს.
მისივე თქმით, ინვესტორი მთელ რიგ სოციალურ პროექტებს ახორციელებს და მიმდინარე სამუშაოებზე დასაქმებული ჰყავს ადგილობრივი მოსახლეობა.
„მთლიანობაში, რასაკვირველია, არ არის კარგი, როცა მსგავსი ექსცესები ახლავს მსხვილ პროექტს, თუმცა ისიც მინდა, ვთქვა, რომ ეს არ არის მხოლოდ ქართული ფენომენი. ბევრ ქვეყანაში, როდესაც არის დიდი პროექტი, რომელიც გარკვეულ გავლენას ახდენს გარემოზე და აქვს რთული ინჟინერია, არის ხოლმე კითხვები“, – განაცხადა თურნავამ.
თურნავას თქმით, ინვესტორი სახელმწიფოს მიერ გაცემული ნებართვის საფუძველზე მოქმედებს და მოსახლეობის წუხილი ამ მიმართულებით გადაჭარბებულია.
„პროექტი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცების კუთხით და ძალიან კარგად არის გათვლილი უსაფრთხოების თვალსაზრისით. სერიოზული განხილვა ჰქონდათ, გარემოზე ზემოქმედების შეფასებით თვალსაზრისით და დიდი გეგმა აქვთ. ნებართვა არის გაცემული. ის ფაქტი, რომ ნებართვაში არის გარკვეული პირობები ჩადებული, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენ, ხელისუფლება, ძალიან დიდი პასუხისმგებლობითა და სიფრთხილით ვეკიდებით მსგავსი პროექტების უსაფრთხოების თემას. ამიტომ, ინვესტორი ვალდებულია, თითოეულ ეტაპზე ცალკე მოიპოვოს ჩვენგან თანხმობა. მხოლოდ და მხოლოდ ძალიან სერიოზული დასაბუთების საფუძველზე და ჩვენ მკაცრ მონიტორინგს ვეწევით. აქედან გამომდინარე, რაიმე წუხილი ამასთან დაკავშირებით ნამდვილად გადაჭარბებულია“, – აღნიშნავს თურნავა.
ნამახვანის ჰესის შესახებ:
მდ. რიონზე (წყალტუბოსა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში) დაგეგმილია ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობა. პროექტით მიხედვით, გათვალისწინებულია 2-საფეხურიანი ჰესების კასკადის მოწყობა. თითოეულ საფეხურზე მოეწყობა კაშხალი, წყალსაცავი, წყალგამტარი გვირაბები, ჰესის შენობა, ქვესადგური და ინფრასტრუქტურის სხვა ობიექტები.
ადგილობრივი აქტივისტები, რომლებიც ნამახვანის ჰესის მშენებლობას აპროტესტებენ სამ კვირაზე მეტია, რაც მშენებლობის ადგილზე მორიგეობენ. ისინი ღამეს კარვებში ათევენ. მათი მოთხოვნაა, მშენებელი კომპანია ტერიტორიიდან გავიდეს და სამშენებლო ტექნიკა გაიყვანოს.
ბოლოს გამართულ ერთ-ერთ საპროტესტო აქციაზე, აქტივისტებმა აქციის დროს ცენტრალური გზა გადაკეტეს. როგორც ადგილობრივი აქტივისტი „პუბლიკასთან“ ჰყვებოდა, პოლიცია უხეშად ცდილობდა, რომ აქტივისტები გზიდან გადაეყვანა, რასაც მოჰყვა დაპირისპირება და იმის გამო, რომ აქციის მონაწილეები ერთმანეთზე ფიზიკურად იყვნენ გადაბმულები, წაიქცნენ და დაშავდნენ.
ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები აქციის გამართვას შაბათს, 21 ნოემბერსაც აპირებენ.
ამავე თემაზე:
► რატომ არაა რაჭაში მართებული ჰესების აშენება – WWF-ის 4 არგუმენტი;
► ნამახვან ჰესის კასკადი და შეშფოთების მიზეზები – გახარიას ღია წერილით მიმართავენ;
► ნამახვანის ჰესების პროექტზე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების ბათილად ცნობას მოითხოვენ.