თვითდასაქმებულთა სპეციალურ ბაზაში უკვე 33 ათასზე მეტი პირი დარეგისტრირდა

პუბლიკა

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მთავრობის ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებული სოციალური დახმარებების გაცემა მაისის ბოლოდან, ეტაპობრივად დაიწყება.

მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის თანახმად, სოციალურად დაუცველი მოქალაქეები, სახელმწიფოს მხრიდან, 6 თვის განმავლობაში, დამატებით, ჯამში 600 ლარის ოდენობით დახმარებას მიიღებენ.

რაც შეეხება თვითდასაქმებულ პირებს, მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამ ეტაპზე თვითდასაქმებულთათვის განკუთვნილ სპეციალურ ბაზაში 33 ათასზე მეტი პირი დარეგისტრირდა, რომლებზეც კომპენსაციის გაცემა შესაბამისი დოკუმენტაციის შესწავლის შემდეგ დაიწყება.

„პრემიერ-მინისტრის დავალების შესაბამისად, იმისათვის, რომ მოსახლეობას მაქსიმალურად გაუმარტივდეს ხელმისაწვდომობა ონლაინრეგისტრაციაზე და, შესაბამისად, მთავრობის ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებული ფინანსური დახმარებები უფრო სწრაფად გაიცეს, საქართველოს მასშტაბით მეტად აქტიურად იმუშავებს ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს 70 ტერიტორიული ერთეული“, – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.