თვითმმართველობის კოდექსში ცვილებები | რაზე შეთანხმდა ენმ და „ოცნება“

პუბლიკა

საქართველოს პარლამენტში პირველი მოსმენით განიხილეს კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს საარჩევნო კოდექსსა და ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში ცვლილებას.

I მოსმენაზე ინიციირებული ვარიანტის მიხედვით, მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედურ არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატი გამოკლებული მაჟორიტარი წევრის ადგილს იკავებს  შუალედური არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელი ოქმის ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან  11 დღის შემდეგ.

განხილვის შედეგად დეპუტატები შეჯერდნენ, რომ I მოსმენაზე გამოტანილ პროექტში გათვალისწინებული ცვლილებები გავრცელდეს როგორც მაჟორიტარული წესით არჩეულ დეპუტატებზე, ასევე პროპორციული წესით არჩეულ წევრებზეც.

შედეგად, დეპუტატების განცხადებით, კანონი მიღების შემდეგ მოაგვარებს როგორც ბათუმის საკრებულოში არსებულ კრიზისს, ასევე სენაკის საკრებულოში არსებულ კრიზისსაც.

როდესაც კანონპროექტი პარლამენტში „ქართული ოცნების“ წევრებმა დააინიციირეს, ოპოზიციამ განაცხადა, რომ მმართველმა გუნდმა ორგანულ კანონში ცვლილებები ბათუმის საკრებულოში არსებული კრიზისის მოსაგვარებლად შეიმუშავა.

პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ანი წითლიძემ განაცხადა, რომ თუ ბათუმის და სენაკის საკრებულოებში არსებული კრიზისი საკანონმდებლო ცვლილებებით უნდა გადაწყდეს, მაშინ ცვლილება უნდა გავრცელდეს როგორც მაჟორიტარული წესით არჩეულ დეპუტატებზე, ასევე პროპორციული წესით არჩეულ დეპუტატებზეც.

„სამართლებრივად და პოლიტიკურადაც იქნება სწორი და ბათუმელების და სენაკელების წინაშეც იქნება სწორი, რომ გაითვალისწინოთ ჩვენი ინციატივა იმაზეც, რომ ეს ნორმა გავრცელდეს როგორც პროპორციულად არჩეულ წევრებზე, ასევე მაჟორიტარებზეც, რომლებიც არა შუალედურად, არამედ ჩვეულებრივად იქნებიან არჩეულნი“, – განაცხადა ანა წითლიძემ.

ხატია დეკანოიძის განცხადებით კი თუ კანონში შესატანი ცვილებები სენაკის საკრებულოზეც გავრცელდება, ეს პირობა მათთვის მისაღები იქნება და კანონპროექტს მხარს დაუჭერენ.

იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატების საპასუხოდ კანონპროექტის წარმდგენ გურამ მაჭარაშვილს შესთავაზა, რომ „პოლიტიკური სპეკულაციების“ დასასრულებლად ბათუმისა და სენაკის ერთი პრინციპის საფუძველზე დარეგულირდეს.

გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, II მოსმენის დროს წარმოდგენილ კანონპროექტში უკვე ასახული იქნება, რომ ცვლილება შეეხოს როგორც შუალედურ არჩევნებში მაჟორიტარული, ასევე პროპოციული წესით არჩეული დეპუტატის უფლებამოსილების ცნობას.

„მე როგორც მომხსენებელი და ინიციატორი მზად ვარ, ეს წესი, რაც გვაქვს შუალედურ არჩევნებში მაჟორიტარული წესით არჩეულ დეპუტატზე, გავრცელდეს ასევე პროპორციული გამოკლებული საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ცნობაზეც“, – განაცხადა მან.

კრიზისი ბათუმისა და სენაკის საკრებულოებში 

არსებული კანონით, საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ცნობა საკრებულოს სხდომაზე ხდება.

ბათუმის საკრებულოში შუალედური არჩევნების შედეგად არჩეული „ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატის უფლებამოსილების ცნობა ვერ ხერხდება, რადგან ოპოზიცია ბოიკოტს აცხადებს, კვორუმის არარსებობის გამო კი სხდომა ვერ ტარდება. თუ 3 ივნისამდე სხდომა არ ჩატარდება, საკრებულოს უფლებამოსილება შეუჩერდება.

სენაკის საკრებულოში სხდომებს „ქართული ოცნება“ უცხადებს ბოიკოტს, თუმცა ამის მიუხედავად, ოპოზიციამ სხდომა მაინც ჩაატარა და გახარიას გუნდიდან ერთი დეპუტატის უფლებამოსილება ცნო, რის შემდეგაც საკრებულოში უმრავლესობა მოიპოვა და თავმჯდომარეც აირჩია. „ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიციის ქმედებების არაკანონიერად ცნობისთვის სასამართლოს მიმართა.